თამბაქოს უკანონოდ შემოტანის ზრდას შემოსავლების სამსახური აქციზის მატებას უკავშირებს. Bm.ge-ს უწყებაში განუცხადეს, რომ არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის ზრდის მთავარი მიზეზი სწორედ აქციზის გადასახადის ზრდაა. თუმცა, შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ამ რისკების შესახებ უწყებამ პრევენციული ღონისძიებები ჩაატარა და საბაჟოზე კონტროლი გაამკაცრა.
რაც შეეხება არადეკლარირებული ალკოჰოლის შემოტანის ფაქტების ზრდას, ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახური პრობლემას ვერ ხედავს.
"ალკოჰოლთან დაკავშირებით ვერ დაგეთანმებით, არ არის განსკაუთრებული ცვლილებები და წლების განმავლობაში სურათი მეტ-ნაკლებად იდენტურია. რაც შეეხება თამბაქოს, ამას აქვს თავის მიზეზი და ეს დაკავშირებულია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურმა ჩაატარა წინასწარი პრევენციული ღონისძიებები აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, მოხდა საბაჟო გამშვები პუნქტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. გადავამზადეთ კადრები. ამასთან, მოხდა მაღალი რისკის მქონე საბაჟო გამშვები პუნქტების იდენტიფიცირება, საიდანაც მეტი ალბათობა იყო კონტრაბანდული ტვირთების შემოდინების და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური საზღვრები სრულად ყოფილიყო დაცული კონტრაბანდისგან, რასაც ადასტურებს სტატისტიკაც.
ალკოჰოლთან დაკავშირებით არ გვაქვს მაღალი რისკები, რისკი არსებობს თამბაქოსთან დაკავშირებით, ამ მხრივ კონტრაბანდის რისკიც არსებობს, რადგან ვიცით, რომ არ არის აქციზი გაზრდილი მეზობელ ქვეყნებში",- აცხადებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია მოისწრაფიშვილი.
საქართველოში არადეკლარირებული თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების შემოტანა გაორმაგებულია. შემოსავლების სამსახურის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში სიგარეტის 2 მილიონამდე ღერი შემოვიდა, 2017 წელს კი ამ მაჩვენებელმა 4,5 მილიონ ღერს მიაღწია. გაზრდილია საბაჟოზე საკუთარი სურვილით პროდუქტის ჩაბარების შემთხვევებიც.
მსგავსი მდგომარეობა გვაქვს ალკოჰოლური სასმელების მიმართულებითაც. 2016 წელს საქართველოში 3 ათას 400-ასამდე ლიტრი არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 6 ათას 300 ლიტრამდე გაიზარდა. საკუთარი სურვილით საბაჟოზე ალკოჰოლური სასმელების ჩაბარების ფაქტები, ამ შემთხვევაშიც მომატებულია.

























