ეკონომისტი აკაკი ცომაია სიგარეტზე აქციზის ზრდას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობას ამ გზით მიღებული შემოსავლების გაფლანგვის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექმნება.
ცომაიას შეფასებით, თამბაქოზე აქციზის ზრდა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება.
"თამბაქოს გაძვირება გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ მოქალაქეებს მეტი თანხის დახარჯვა მოუწევთ მის შესაძენად. ამით თამბაქოს მოხმარება არ მცირდება; რაოდენობის მხრივ, სურათი უცვლელი რჩება; ერთადერთი, რაც იცვლება, განკარგვადი შემოსავლებია. საზოგადოების ეს ნაწილი გაცილებით მეტს დახარჯავს მის შესაძენად და ცხოვრება კიდევ უფრო მეტად ურთულდება. მთავრობას კი აქვს საშუალება სხვადასხვა „აღვირახსნილი“ პროექტები მოიფიქროს და იქ დახარჯოს მიღებული შემოსავლები. მაგალითად, რაიმე ახალი პროგრამა დანერგოს სოფლის მეურნეობაში, რომელსაც არანაირი ეკონომიკური შედეგი არ მოაქვს. საზოგადოების ხელში უნდა იყოს რესურსი და მათ თავად უნდა განსაზღვრონ მისი გამოყენების ეფექტურობა და რისკები. მთავრობა ფლანგავს ამ თანხებს რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, აცხადებს bm.ge-თან საუბრისას აკაკი ცომაია.
ეკონომისტ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას უარყოფითად აფასებს, რაც გადასახადების ზრდას უკავშირდება.
"ეკონომიკური პოლიტიკის ჩემეული შეფასება დადებითი ვერ იქნება, რისი მთავარი მიზეზიც გადასახადების ზრდით არის გამოწვეული“, - განაცხადა ცომაიამ.

























