მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებია

თანაინვესტირების ფონდი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებია. ცოტნე ებრალიძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს და მას მისივე მოადგილე დავით გალუაშვილი შეცვლის.

ცოტნე ებრალიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2013 წელს, მისი დაარსების დღიდან შემოუერთდა, თავდაპირველად ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით მმართველი დირექტორის პოზიციაზე, შემდგომ კი დაწინაურდა და დაიკავა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა.

"ცოტნე ებრალიძე აქტიურად იყო ჩართული ფონდის ოთხივე სექტორში არსებული არაერთი წარმატებული პროექტის შექმნასა და განვითარებაში, მნიშვნელოვანი გარიგებების შეფასებასა და წარმართვაში.

დავით გალუაშვილი პროფესიონალი, მაღალი რგოლის მენეჯერია, შიდა აუდიტის და ბუღალტერიის დარგში მრავალწლიანი გამოცდილებით. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2023 წელს შემოუერთდა შიდა აუდიტის დარგში, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, დავითი პასუხისმგებელი იყო აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმის მიხედვით შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებაზე, ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების შეფასებასა და შესწავლაზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებაზე და დაბეგვრის სისტემატიზაციაზე.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, დავით გალუაშვილი, წლების განმავლობაში იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის და ოპერაციების დირექტორის პოზიციას „ბანკ ქართუში“. მის დაქვემდებარებაში, სხვადასხვა დროს, შედიოდა ბანკის ისეთი სტრუქტურული ერთეულები როგორიცაა კლიენტთა მომსახურების ცენტრი, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი, ბანკის ბექ-ოფისის დეპარტამენტი, მეთოდოლოგია, პლასტიკური ბარათების და პროცესინგის დეპარტემენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი", - წერია თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები