"თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის ცოტნე ებრალიძის თქმით, "პანორამა თბილისის" მშენებლობა ნაწილობრივ განახლდა.
"ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე სიმაღლეზე მუშაობა ჯერ კიდევ აკრძალულია", – განაცხადა ებრალიძემ გადაცემაში "საქმის კურსი" და იქვე დასძინა, რომ მომავალი კვირიდან სამუშაოების სრულად განახლება იგეგმება
ამასთან, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ უშუალოდ მშენებლობის პროცესს ფონდი არ ახორციელებს, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, ცოტნე ებრალიძის თქმით, კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიებისგან „თანაინვესტირების ფონდი“ მაქსიმალურ უსაფრთხოების ნორმებს ითხოვს.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც მშენებლობას ახორციელებენ, ისინიც ვაიძულოთ, რომ შრომითი უსაფრთხოების დაცვა მაქსიმალურად უზრუნველყონ და ამისთვის კონტაქტში სპეციალური მუხლებიც გვაქვს.
გარდა ამისა, დამატებით მონიტორინგსაც ვახორციელებთ, რომ გარკვეული გადაცდენების შესახებ კომპანიებს შევატყობინოთ და საჭიროების შემთხვევაში გარკვეული სანქციებიც გავატაროთ", - განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მუშების "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან გადმოვარდნის შემთხვევას საზოგადოება გიორგი ბაჩიაშვილის წასვლას უკავშირებდა, "თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს, რომ "ბუნებრივია, არანაირი კავშირი გიორგი ბაჩიაშვილის წასვლასთან ამ ფაქტს არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, რადგან გიორგის წასვლა ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე კომპანიაში უკვე დაანოსებული იყო. შესაბამისად. ამ მოსაზრების საფუძველი არ არსებობს", - განმარტა ებრალიძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა, თუმცა შემთხვევას ფატალური შედეგი არ მოჰყოლია.

























