მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თანამდებობის პირებმა ერთ წელიწადში ₾22 მილიონის ღირებულების საჩუქრები მიიღეს - TI

დოლარი

2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 308-მა თანამდებობის პირმა 2023 წელს საჩუქრად ჯამურად 22 მილიონი ლარის ქონება მიიღო. მათ შორის, 16 მილიონ ლარზე მეტი – ნაღდი ფულის სახით.

კვლევა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ჩაატარა და 6,000-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა.

დეკლარაციების თანახმად, 2023 წელს თანამდებობის პირებმა საჩუქრად მიიღეს:

  • 16 მლნ ლარზე მეტი ნაღდი ფული
  • 33 ბინა
  • 14 მიწის ნაკვეთი
  • 21 ავტომობილი
  • 6 ცეცხლსასროლი იარაღი

საჩუქრების 72% (დაახლოებით 16 მლნ ლარი) თანამდებობის პირებმა მშობლებისგან მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციების ელექტრონული პლატფორმა 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ივნისამდე „ტექნიკური ხარვეზის“ მიზეზით გამორთული იყო, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მონაცემებზე წვდომას.

"თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად ნაღდი ფულის სახით იღებენ. 2023 წელს 303-მა პირმა ჯამურად 16 მლნ ლარამდე მიიღო, რაც ერთ პირზე საშუალოდ 53 ათასი ლარია. თუმცა, საჩუქრად მიღებული თანხები განსხვავებულია და ამ სიიდან 55 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა. ასევე, თანამდებობის პირებმა 47 ერთეული უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად, საიდანაც 33 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 14 მიწის ნაკვეთი. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 21 ავტომობილი და 6 იარაღი.

ნაღდი ფულის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროში გაიცემა. 2023 წელს 6 მლნ დოლარამდე თანხა აშშ დოლარში მიიღეს, ხოლო 347 ათასი ევროში", - წერს ორგანიზაცია.

2023 წელს საჩუქრები 90-მდე სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს, 46-მა თანამშრომელმა ჯამში 4.5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის პარლამენტის წევრები, რომლებმაც ჯამში 2.4 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს, შსს-ს თანამშრომლებმა 2 მლნ ლარამდე მიიღეს, მოსამართლეებმა 1.3 მლნ ლარის.

  1. საქართველოს პროკურატურა – 46 თანამშრომელი, ჯამში 4,468,280 ლარი;
  2. საქართველოს პარლამენტი – 15 წევრი, ჯამში 2,391,365 ლარი;
  3. შინაგან საქმეთა სამინისტრო – 31 თანამშრომელი, ჯამში 1,965,575 ლარი;
  4. სასამართლო სისტემა (მოსამართლეები) – 21 პირი, ჯამში 1,289,653 ლარი;
  5. თავდაცვის სამინისტრო – 24 თანამშრომელი, ჯამში 1,267,501 ლარი;
  6. საგარეო საქმეთა სამინისტრო – 8 თანამშრომელი, ჯამში 1,202,033 ლარი;
  7. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 12 თანამშრომელი, ჯამში 757,065 ლარი;
  8. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 13 თანამშრომელი, ჯამში 644,148 ლარი;
  9. იუსტიციის სამინისტრო – 8 თანამშრომელი, ჯამში 580,395 ლარი;
  10. იუსტიციის უმაღლესი საბჭო – 8 წევრი, ჯამში 274,590 ლარი.

2023 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - 150,000 ლარი, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ - 100,000 დოლარი (ბინა), იუსტიციის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა - 160,000 ლარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ - 60,000 დოლარი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ - 50,000 დოლარი. ყველა მათგანმა საჩუქარი ოჯახის წევრისგან მიიღო.

10 თანამდებობის პირი, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:

სახელი, გვარი უწყება საჩუქრის ჯამური ღირებულება (ლარი)
გიორგი შაფათავა პროკურატურა 2,661,600
ირაკლი კირცხალია პარლამენტი 1,300,000
ვახტანგ ბააკაშვილი ახალგაზრდობის სააგენტო 775,800
ხათუნა თოთლაძე საგარეო საქმეთა სამინისტრო 657,500
დავით წერეთელი სასამართლო 410,000
ლევან გამყრელიძე ეკონომიკის სამინისტრო 395,000
ზურაბ პატარაძე საგარეო საქმეთა სამინისტრო 368,000
სანდრო ცაბუტაშვილი შსს 353,000
ვეფხია ლომიძე სასამართლო 300,000
დავით ზილფიმიანი ყოფილი დეპუტატი 276,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები