მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თანამედროვე ყაბალახებზე უცხოელებისგან უფრო დიდია მოთხოვნა“ - "დარბაისელი"

63ee33bd8bea1
სალომე ხიდურელი
16.02.23 17:49
1281
ხელნაკეთი ტანსაცმლის ბრენდი „დარბაისელი“, რომელმაც ორწლიანი პაუზის შემდეგ წარმოება რამდენიმე თვეა განაახლა, ტრადიციული ყაბალახის ელემენტებით თანამედროვე სამოსს ამზადებს. კომპანიის დამფუძნებელი ქეთევან ჯინჭარაძე BM.GE-სთან ტანსაცმლის წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს.

„თანამედროვე ყაბალახების მოდელირება 2016 წლიდან ჰობის სახით დავიწყე. თუმცა, პანდემიის გამო ორი წლით გაჩერება მომიწია, 2022 წლის ზაფხულში განვაახლეთ შეკვეთების მიღება და კომპანია თავიდან ავამუშავეთ, რაც საკმაოდ რთული იყო.

დიდი სურვილი მაქვს, წარმოება გავაფართოო, თუმცა, ამ ეტაპზე, რესურსების სიმწირიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებ. სამომავლოდ ვაპირებთ, საგრანტო კონკურსებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან სახელმწიფო ჩარევის გარეშე წინსვლას ვერ შევძლებთ“, - ამბობს ქეთევან ჯინჭარაძე.

„დარბაისელის“ დამფუძნებელი ქართულ ბაზარზე ტრადიციული ელემენტების მქონე სამოსზე მოთხოვნის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაინტერესება უცხოეთის მოქალაქეებისაგან გაცილებით მაღალია.

„მართალია, პროდუქცია ექსპორტზე არ გაგვაქვს, თუმცა ვატყობთ, რომ უცხოელებს ძალიან მოსწონთ ქართული ტრადიციული სამოსი და უფრო მეტად ყიდულობენ, მიაქვთ თავიანთ ქვეყნებში საჩუქრად.

ყაბალახების რეალიზება სახლიდან ხდება, ასევე შატოებიდან. აქტიურად ვთანამშრომლობთ „წინანდალთან“. ვცდილობთ, საშუალო ფასები შევინარჩუნოთ. მაგალითად, ყაბალახის ფასი 100-250 ლარამდეა. თითოეული ყაბალახი უნიკალურია, ორი ერთნაირი არ მეორდება. შეკვეთების რაოდენობა კი ინდივიდუალურია და კვირების მიხედვით განსხვავდება, კვირაში 10 ცალიც დაგვიმზადებია“, - განმარტავს ქეთევან ჯინჭარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები