მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თანამშრომლების კმაყოფილება და დაფასება მათ სტაბილურობას განსაზღვრავს” - BDO-ს კვლევა

BDO

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-People Advisory-ის მიმართულებამ ორგანიზაციული სწავლებისა და სამუშაოს შესრულების მართვის კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც იყო დასაქმების ბაზარზე სწავლებისა და შესრულების მართვის პრაქტიკის მდგომარეობის შესწავლა, არსებული პრობლემებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და კარიერული წინსვლისა და სწავლების მდგომარეობის შეფასება, როგორც დამსაქმებელი ორგანიზაციების, ისე დასაქმებულების პერსპექტივიდან.

კვლევის მიზნებისა და შედეგების შესახებ ვრცლად BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში BDO-ს წარმომადგენლები, მარიამ ჩაჩხიანი და ელენე ზერეკიძე საუბრობენ.

“ვინაიდან BDO საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა, მუდმივად გვიწევს საქმის კურსში ვიყოთ, თუ რა გამოწვევები უდგათ ბიზნესებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ტალანტების მობილიზება, მოტივირება და შენარჩუნებაა და როდესაც ამ მიმართულების შესწავლა დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა კვლევები, რომლებიც ბაზრის გაანალიზების საშუალებას მოგვცემდა.

ჩვენი მიზანი იყო, დასაქმებულებისთვის მოგვესმინა, რა ამოტივირებთ, რა იწვევს მათ კმაყოფილებას, რა აგრძნობინებთ თავს დაფასებულად და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სწავლა-განვითარებას. გამოვიკვლიეთ ბაზარზე დამკვიდრებული მიდგომები, პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები”, - ამბობს მარიამ ჩაჩხიანი, BDO-ს LMS პროდუქტის ოუნერი.

მისი განმარტებით, კვლევა 7 ეტაპისგან შედგებოდა და სხვადასხვა ტიპის გამოკითხვებს მოიცავდა, რომლებშიც როგორც დასაქმებულები, ისე დამსაქმებელი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

“მივიღეთ დასაქმებულის მოსაზრებები, რა აძლევთ მოტივაციას სამუშაო ადგილზე და რა როლს თამაშობს მათ კომპანიაში სწავლა-განვითარება. მოვიცავით დამსაქმებლებიც და მათი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამსაქმებლების შერჩევისას გავითვალისწინეთ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობები და ასევე სექტორები, საიდანაც ყველაზე მეტი დასაქმებული იღებდა კვლევაში მონაწილეობას”, - განმარტავს ჩაჩხიანი.

BDO-ს კვლევის შედეგების გაანალიზება ორ მნიშვნელოვან კომპონენტსა და მათ ურთიერთდამოკიდებულებას ეფუძნება. კერძოდ, რა იწვევს თანამშრომელთა კმაყოფილებას და მოტივირებას და რა მდგომარეობაა ბაზარზე სასწავლო სისტემების კუთხით - და რამდენადაა კავშირი ამ ორ კომპონენტს შორის.

“აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების კმაყოფილება და დაფასება, მათ სტაბილურობას განსაზღვრავს. გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ ისინი საკუთარ ორგანიზაციებში თავს დაფასებულად გრძნობენ და კმაყოფილები არიან, მათი დაახლოებით ნახევარი კი აღნიშნავს, რომ მიმდინარე ორგანიზაციაში 4+ წელია, რაც მუშაობენ - შესაბამისად, სტაბილური კადრები არიან.

კვლევის ანგარიშში ასევე ჩავშალეთ, რა კომპონენტებია იმისთვის საჭირო, რომ თანამშრომლებმა დაფასებულად იგრძნონ თავი და გამოიკვეთა, რომ სწავლება-განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც კონკურენტუნარიანი ანაზღაურების შემდეგ, პირველ ადგილზე ასახელებენ”, - ამბობს ელენე ზერეკიძე, BDO-ს მენეჯერი, სწავლებისა და შესრულების მართვის მიმართულებით.

კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულ ორგანიზაციათა 51%-ში სასწავლო სისტემები უკვე დანერგილია. ამ ორგანიზაციათა თანამშრომლები კი სასწავლო სისტემების ეფექტურობას 1-დან 5 ქულამდე აფასებენ.

“საშუალო მაჩვენებელი 3,76 ქულა მივიღეთ, რაც ნამდვილად არ არის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა გაუმჯობესებადია და ის რეკომენდაციები, რომლებიც კვლევის ანგარიშში გვიწერია, ორგანიზაციებს ამ შედეგების გაუმჯობესების საშუალებას მისცემთ.

გარდა ამისა, კარიერული განვითარება და სწავლება რომ თანამშრომლების სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია იმითაც დგინდება, რომ იმ ადამიანთა 93%, რომლებიც თავიანთ კომპანიებში სასწავლო სისტემების ეფექტურობას უმაღლესი, 5 ქულით აფასებს, ასევე ამბობს, რომ ორგანიზაციაში თავს დაფასებულად გრძნობს”, - ამბობს ელენე ზერეკიძე.

BDO-ს კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლებს მოტივაციის ზრდისა და სტაბილურობისთვის 4 ძირითადი კომპონენტი სჭირდებათ: კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, კარიერული განვითარება და სწავლება, პირადი ცხოვრებისა და მუშაობის ბალანსი და სამოტივაციო სქემების არსებობა.

იხილეთ BDO-People Advisory-ის მიმართულების მიერ გამოქვეყნებული კვლევის ანგარიში ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები