მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტანსაცმლის განბაჟების გაძვირებით ჩვენი წლიური ხარჯი 450 000 ლარიდან ₾9 მილიონამდე იზრდება - “სინომი რიტეილი”

რეზო მაღალაშვილი

საბაჟო დეკლარაციის გაფორმების ტარიფების მკვეთრი ზრდის გამო, საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები, შესაძლოა, მინიმუმ 10%-ით გაძვირდეს. ამის შესახებ „სინომი რითეილის“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა “საქმის კურსთან” ინტერვიუში განაცხადა.

ამის წინაპირობას ქმნის ის, რომ 25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური შეიცვალა. ახალი რეგულაციით, გარკვეულ შემთხვევებში იმპორტიორს 1 კილოგრამზე 3 ლარის გადახდა მოუწევს. ცვლილება მოიცავს საკმაოდ ფართო ასორტიმენტს და მასში შედის მზა ტანსაცმელი და მისი აქსესუარები, მზა ტექსტილის ნაწარმი, ფეხსაცმელი და მისი ნაწილები. ცვლილებამდე საბაჟო გაფორმების მომსახურებისთვის იმპორტიორს, შესაბამის შემთხვევებში, ფიქსირებული 500 ლარის გადახდა უწევდა. ახალი წესით კი ეს თანხა ცვლადი ხდება და იმპორტირებული საქონლის წონის მიხედვით გამოითვლება.

“აქამდე საბაჟო დეკლარაციის კალკულაცია იყო ძალიან სიმბოლური თანხა იმ ბიზნესის მასშტაბებთან, რომელზედაც საუბარია. ერთი დეკლარაცია ჯდებოდა 100-დან 500 ლარამდე, ხოლო ახლა შესაძლოა ერთი დეკლარაცია 60 000 ლარზეც კი ავიდეს. მაგალითისთვის, ჩვენ კომპანიას, რომელიც ლიდერია ტანსაცმლის რიტეილში, წელიწადში დაახლოებით 3000 ტონა პროდუქცია შემოაქვს და ეს პროდუქცია თუ გვიჯდებოდა ადრე 450 000 ლარი, ახლა დაგვიჯდება 9 მილიონი ლარი ანუ 20-ჯერ ძვირი.

შესაბამისად, ერთ დროს თუ ეს იყო მცირე სიმბოლური მოსაკრებელი, ახლა გახდა ერთ-ერთი ძირითადი ხარჯი. ვფიქრობ, რომ ასეთი დიდი ცვლილება იმსახურებდა ჩვენთან კომუნიკაციას, პირველ რიგში და გარკვეული პერიოდით ადრე, რომ თუ ეს გარდაუვალია, ჩვენ გადაწყობა შეგვძლებოდა და გვცოდნოდა, რას ემსახურება ეს, ხომ?! როდესაც 20-ჯერ იზრდება ხარჯი, რაღაც სხვა სარგებელიც უნდა მოჰქონდეს. ამ საბაჟო პროცედურების თვალსაზრისით — რა მარტივდება, რა ჩქარდება, სად შეიძლება ჩვენ რომ გაუმჯობესება დავინახოთ, რომელიც დააკომპენსირებს ამ დაწოლას ბიზნესზე, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდით.

ამხელა ხარჯი თუ თვითღირებულებას აძვირებს, საბოლოო ჯამში ეს ფასებზეც იმოქმედებს, ფასები გაძვირდება და საბოლოო ჯამში ასეთი მოქმედებები მომხმარებლის ჯიბეს ურტყამს პირველ რიგში, ანუ ის გადაიხდის ამ სხვაობას. იმედს ვიტოვებ, რომ აქ ყველაფერი არ დასრულებულა და მოგვიბრუნდებიან, ამაზე იქნება კომუნიკაცია. ვვარაუდობ, რომ მინიმუმ 10%-ით გაძვირდება პროდუქცია...

ბევრი კითხვის ნიშანია და ასეთი გადაწყვეტილების მიღება კონსულტაციის გარეშე და შემზადების გარეშე მთელი ინდუსტრიის, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ამბავია”,-აცხადებს მაღალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები