საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციამ (REA) ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების ახალი საფასურის ამოქმედებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს ოფიციალური წერილით მიმართა. ასოციაცია უწყების ხელმძღვანელტან მამუკა ბარათაშვილთან სამუშაო შეხვედრის გამართვას ითხოვს, რათა რეგულაციის გავლენა სექტორზე და მისი გამოყენების ტექნიკური საკითხები განიხილონ.
როგორც REA დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ასოციაცია მზად არის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობისთვის და იმედოვნებს, რომ შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.
"დღეს საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციამ (REA) ოფიციალური წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს.მიმართვა უკავშირდება საქართველოს მთავრობის №535 დადგენილებით ამოქმედებულ საბაჟო გაფორმების ახალ საფასურს.
ასოციაციამ უწყების ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრის გამართვის ინიციატივა დააყენა, რათა კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში განვიხილოთ რეგულაციის გავლენა სექტორზე და დავაზუსტოთ მიმდინარე ტექნიკური საკითხები.ასოციაცია მზად არის თანამშრომლობისთვის და იმედოვნებს, რომ შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება,"- ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის 25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, თეთრეულის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის სხვა ნაწარმის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურის დათვლის ახალი წესი ამოქმედდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით შევიდა ძალაში.
თუ აქამდე იმპორტიორი ერთი დეკლარაციის გაფორმებისთვის, ტვირთის მოცულობის მიუხედავად, მაქსიმუმ 500 ლარს იხდიდა, ახალი წესით საფასური საქონლის წონის მიხედვით განისაზღვრება და თითოეულ კილოგრამზე 3 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, ერთი ტონა ტვირთის გაფორმება 3 000 ლარი ღირს, 5 ტონის შემთხვევაში საფასური 15 000 ლარია, ხოლო 10 ტონაზე 30 000 ლარს აღწევს.
ახალი ტარიფი ვრცელდება სასაქონლო ნომენკლატურის 61-65 ჯგუფებში შემავალ პროდუქციაზე. ჩამონათვალში შედის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, ფარდები, საბნები, პლედები, ტომრები და სხვა ტექსტილის ნაწარმი. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონელი და მეორადი ტანსაცმელი.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ უცხოეთიდან 611 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი ტანსაცმელი შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის საერთო წონა 47 597 ტონას შეადგენდა.
აქედან ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა 225 მილიონი დოლარის ღირებულების 5 132 ტონა პროდუქცია, ხოლო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საქართველოში 385.7 მილიონი დოლარის ღირებულების 42 465 ტონა ტანსაცმელი შემოვიდა.
პირობითი გაანგარიშებით, ახალი ტარიფი წლის პირველი 10 თვის განმავლობაში რომ მოქმედებდეს, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შესაბამისი პროდუქციის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური დაახლოებით 127.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ გაზრდილი ხარჯები ადგილობრივ სავაჭრო კომპანიებსა და მომხმარებლებზე აისახება და შესაძლოა, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმების მიმართ მოთხოვნაც გაზარდოს.
























