საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ მთავრობას 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პენსიის ზრდისთვის თანხების მობილიზება შეუძლია, - ამის შესახებ მან „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.
"შესაძლებელი იყო ალბათ, რომ რაღაც გამონახულიყო პენსიის ზრდისთვის. თავისთავად, პენსია 10 ლარითაც რომ გაიზარდოს, დაახლოებით 100 მილიონი ლარი სჭრიდება წელიწადში და შეიძლება, ძნელი იყოს, მაგრამ 2019 წელსვე შესაძლებელი იქნება, რომ სერიოზულად - პერიოდულად არა 10 ლარით, არამედ დაახლოებით 30 ლარით მაინც მოხდეს პენსიის ზრდა", - აღნიშნა მან.
ამასთან, არველაძის აზრით, გრძელვადიან პერიოდში პენსიის არა 10, ან 30 ლარით, არამედ უფრო მაღალი ზრდაა შესაძლებელი, რადგან ქვეყნის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2021 წლამდეა წარმოდგენილი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმილი ზრდა ამის საშუალებას იძლევა.
"როდესაც კომიტეტის სხდომაზე გვქონდა შეხვედრა, მინისტრის მოადგილემ გითხრა, რომ 2018 წელს პენსია გათვალისწინებული არ არის. მზადდება საპენსიო რეფორმა, თუმცა ჩვენ ვუთხარით, რომ რეფორმა არ ნიშნავს პენსიების ზრდას. რეფორმა ის არის, რომ შეიქმნას კერძო საპენსიო ფონდი, ან სახელმწიფო საპენსიო ფონდთან ერთად, პარალელურად, მაგრამ ეს სულაც არ იქნება იმის გარანტია, რომ ვთქვათ, 2018, 2019, ან 2020 წლებში პენსია გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მე დღეს დავაყენე საკითხი, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომლის ძირითადი პარამეტრები წარმოდგენილია, მთლიანობაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი იზრდება 3.5 მილიარდი ლარით. აქედან, ჩემი აზრით, შესაძლებელია, რომ გამოინახოს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი პენსიის ზრდისათვის, რაც უზრუნველყოფს დაახლოებით 50-60 ლარით გაზრდას ყოველთვიური პენსიისა. არ ვიცი ეს როდის იქნება, მაგრამ როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან მივიღეთ პასუხი, მომავალ წელს ეს ვერ იქნება ეს გათვალისწინებული", - განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიის ზრდას საპარლამენტო ოპოზიციაც ითხოვს.

























