ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგში ცვლილებებია - Alibaba Group-ის საკუთრებაში შემავალ პლატფორმებს, Taobao-სა და Tmall-ს ჰოლდინგის დირექტორი, ედი ვუ უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე ის ტრუდი დაის ჩაანაცვლებს, რომელიც Alibaba-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია და, თავის წილ, ჩინური კომპანიის აქტივების მმართველ კომპანიაში გადაინაცვლებს, რომლის დაფუძნებას ჰოლდინგი ჩინეთში გეგმავს.
Taobao-სა და Tmall Group-ში ედი ვუს გამოჩენა მოულოდნელი არ არის და ის პირდაპირ უკავშირდება Alibaba-ს ელექტრონული კომერციის ბიზნესში არსებულ პრობლემებს, მათ შორის ჩინეთში მოთხოვნის შემცირებას და მზარდ კონკურენციას. დღეს, Alibaba-ს მთავარ კონკურენტად ჩინური კომპანია PinDuoDuo გვევლინება, რომლის აქციები ამერიკულ ბირჟებზე ივაჭრება და წლის დასაწყისიდან 80%-ითაა გაძვირებული, როცა Alibaba-ს საბაზრო კაპიტალიზაცია, ამავე პერიოდში, 14%-ითაა შემცირებული.
Alibaba-ს ფინანსური რყევები, თავის წილ, კომპანიის მიერ ქლაუდ-ბიზნესის საფონდო ბირჟაზე დალისტვის გაუქმების გადაწყვეტილებას უკავშირდება. Alibaba Cloud-ის დამოუკიდებელ კომპანიად დაფუძნება ჰოლდინგისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რადგან შვილობილი კომპანიის საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად დალისტვა ინვესტორებს მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემდა, თავად Alibaba კი უფრო სწრაფი ტემპით შეძლებდა განვითარებას, თუმცა საქმე ისე ვერ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო.
რეალურად, ყველაფერი ჩინეთის მთავრობას და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ჩინეთის კომუნისტური მთავრობის დასჯის მიზნით, ამერიკამ ჩინურ კომპანიებს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა, რომელიც განსაკუთრებით ურტყამს ტექნოლოგიურ სექტორს და Cloud მიმართულებას. სწორედ ამიტომ, Alibaba-ს ხელმძღვანელები შიშობენ, რომ ასეთ ვითარებაში კომპანიას დამოუკიდებლად განვითარება გაუჭირდება და ისევ ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ უნდა დარჩეს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.