"ტაქსებში კანონს არღვევენ და სიგარეტს მასობრივად ეწევიან", - ამის შესახებ "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი აცხადებს. როგორც გიორგი მაღრაძე BMG-სთან აღნიშნავს, მიუხედავად რეგულაციისა, ტაქსების მძღოლები და მგზავრები კანონს არღვევენ.
საქმე ის არის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ტაქსებში, თამბაქოს მოხმარება 2021 წლიდან აიკრძალა. შეზღუდვა როგორც A-კატეგორიის (თეთრი ტაქსები), ისე B-კატეგორიის ტაქსებს ეხება. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ავტომობილებშიც, როდესაც მძღოლს არასრულწლოვანი გადაჰყავს.
"საგანგაშო მდგომარეობაა ტაქსებში. ტაქსებში მოწევა აკრძალულია, მაგრამ იმის გამო, რომ საკმაოდ საპატრულო პოლიციის მხრიდან საკმაოდ ლოიალური მიდგომაა, ტაქსიში მასობრივად ეწევიან. მძღოლებმა ამ რეგულაციის შესახებ მშვენივრად იციან, მაგრამ რეალობას ერგებიან. არსებობს მძღოლების კატეგორია, რომლებიც თვითონაც არ ეწევიან და ამ კანონით კარგად სარგებლობენ, თუმცა არსებობს კატეგორია, რომელიც ეწევა და კანონი არ აწყობს. ისინი არღვევენ წესებს და მგზავრებს უთანხმებენ, რომ პოლიციის მხრიდან გაჩერების შემთხვევაში, სიგარეტი გადააგდონ", - აცხადებს გიორგი მაღრაძე.
კანონის მიხედვით, მოწევა აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. როგორც გიორგი მაღრაძე ამბობს, ახალმა ავტობუსებმა პრობლემა აღმოფხვრა, თუმცა გარკვეული გამოწვევები აქაც არსებობს.
"მუნიციპალურ ტრანსპორტში საკმაოდ მოწესრიგდა საკითხი. ახალი ავტობუსების შემოყვანამ ამ მიმართულებით დადებითი გავლენა იქონია. უფრო მეტად, შეიძლება, ბოლო გაჩერებებზე, ხანდახან, წვიმიან ამინდებში, ცარიელ ავტობუსში მოსწიოს მძღოლმა", - აღნიშნავს ის.