მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაქსის კომპანიები დაგეგმილ რეგულაციებს აფასებენ - "გაუგებარია, რატომ უნდა აიკრძალოს ორკარიანი ავტომობილებით ტაქსაობა"

595e0f209a29d
სალომე მეცხვარიშვილი
06.07.17 16:10
2129
ტაქსის კომპანიები თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ტაქსების რეგულაციას ეხმაურებიან.

კომპანია 200-200-ის დამფუძნებელს ნიკა ხოფერიას ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა აიკრძალოს ორკარიანი ავტომობილებით ტაქსაობა. ნიკა ხოფერია ამბობს, რომ ასეთი ტიპის მანქანებით გადაადგილება, შესაძლოა, არაკომფორტული იყოს, მაგრამ მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა დავუტოვოთ.

"ჩემი შეხედულებით, უნდა შეიქმნას ცალკე სეგმენტი პატარა მანქანებისთვის, რომელიც ქალაქის განტვირთვაზე და ეკოლოგიაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ ჩვენთან შემოვა პატარა, "სმარტ მანქანები" ეს ქალაქის განტვირთვაზე დადებითად იმოქმედებს.

ყველაფერთან ერთად, ახლა ტაქსების გამოძახება პროგრამულად ხდება, სადაც მითითებულია მგზავრი ბავშვებით არის თუ არა, ეტლით არის თუ არა, რამხელა ბარგი აქვს და ა.შ. შესაბამისად, მას არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება",- აცხადებს ნიკა ხოფერია.

რაც შეეხება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსის უფლების ჩამორთმევას, ამ რეგულაციას ტაქსის კომპანიის ხელმძღვანელი ეთანხმება. მისი თქმით, ეს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საჭიროა.

„მე თვითონ შევესწარი, როცა ყაზბეგის გამზირზე წლოვანმა მამაკაცმა შუქნიშანზე გააჩერა მანქანა, მოუარა მეორე მხარეს და ამ დროს კინაღამ მანქანამ დაარტყა. ჩვენთან არის მოძრაობა აწყობილი მარცხენასაჭიან მანქანებზე, ეს რომ იყოს ბრიტანეთი ან იაპონია, გასაგებია, მაგრამ არ არის ასე. შეიძლება მარჯვენასაჭიანი მანქანები იაფი ღირს, კარგი შენახულია, მაგრამ თუკი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მაშინ არ უნდა იყოს დაშვებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილები",- აცხადებს ნიკა ხოფერია.

"აგორატაქსი" კი ახალ რეგულაციებს უფრო ლიბერალურად უყურებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი თამარ დარახველიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, თუ რეგულაციები ავარიების რიცხვს შეამცირებს და სერვისის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდება, ცვლილებებს ეთანხმებიან.

„კარგი იქნება თუ რეგულაცია იქნება კარგად გააზრებული, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმასთან, რომ ავარიები შემცირდება, მდგომარეობა სერვისის კუთხით გაუმჯობესდება. თუ ეს რეგულაციები ამას მოიტანს, ჩვენი დამოკიდებულება დადებითი იქნება“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

თამარ დარახველიძის განცხადებით, მათს კომპანიაში ორკარიანი ავტომობილები არ ირიცხება, რაც შეეხება მარჯვენასაჭიანებს, ასეთი ტიპის მანქანები კომპანიაში 20-30%-ს შეადგენენ. თუმცა, "აგორატაქსის' წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ რეგულაციები ამოქმედდება, ისინი მის შესასრულებლად მზად არიან.

შეგახსენებთ, "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში საუბრისას თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, თბილისში მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსები აიკრძალოს. ცვლილებები, სავარაუდოდ, ტაქსების რეგულირების ფარგლებში ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები