2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კომუნალური გადასახადების შემცირების დაპირებით მოვიდა. წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების განახევრებაზეც საუბრობდა. „ასეთი დონის გადასახადები, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება... თუ გნებავთ ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი, ჩვენ ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქიდან იაფად იწარმოება ელექტროენერგია", - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს მედიასთან შეხვედრისას. თუმცა მოგვიანებით (ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ) აცხადებდა, რომ ტარიფების მინიმუმ 10%-იანი შემცირება იყო შესაძლებელი. „განახევრება, რასაც ველოდებოდი, რა თქმა უნდა, არ გამოვა და გადაჭარბებულად ვსაუბრობდით, როგორც ჩანს”, - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების სავარაუდო მომავალს განმარტავდა.
ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გარკვეულ პერიოდში მართლაც შემცირდა, თუმცა ეს ცვლილება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. 2026 წლისთვის ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეობების ფასები 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით 37.35%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. ივლისთან შედარებით მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჯგუფმა „საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი“, სადაც ფასები წლიურად 8.5%-ით გაიზარდა, რაც მთლიან ინფლაციაზე 0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. უშუალოდ ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეობების ფასები კი 10.3%-ით არის გაზრდილი.
ამ სტატიაში განვიხილავთ როგორ იცვლებოდა კომუნალური გადასახადები „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის პერიოდში და რამდენად შესრულდა ხელისუფლების თავდაპირველი დაპირებები.
ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდა
2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი მართლაც შემცირდა - 300 კვტ/სთ-მდე მოხმარების შემთხვევაში 3.54 თეთრით, ხოლო უფრო მაღალი მოხმარების შემთხვევაში დაახლოებით 2.7 თეთრით.
თუმცა ტარიფის შემცირება ხანმოკლე აღმოჩნდა. 2013 წლის აპრილიდან ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. შემდგომ წლებში ელექტროენერგიის ფასი ეტაპობრივად კვლავ გაიზარდა - მათ შორის 2015, 2016-2017 და 2021-2022 წლებში.
ტარიფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზრდა 2021 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა, როდესაც სამომხმარებლო ტარიფები დაახლოებით 3.5 თეთრით გაიზარდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობას არ შეხებია და სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ტარიფის ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება 2026 წლის აპრილიდან ამოქმედდა, როდესაც სემეკმა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დაახლოებით 5 თეთრით გაზარდა.
შედეგად, თბილისში ელექტროენერგიის ფასი მოხმარების საფეხურის მიხედვით 20.041-დან 28.537 თეთრამდე კვტ/სთ-ზე, რეგიონებში კი 19.731-დან 28.227 თეთრამდე გაიზარდა.
სემეკის განმარტებით, ტარიფების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის შესყიდვის ფასის მატება და იმპორტზე დამოკიდებულებაა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებაში ასევე გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი საინვესტიციო ვალდებულებები, რომელთა მიზანი ქსელის გაუმჯობესება, ავარიული გათიშვების შემცირება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. მათივე ინფორმაციით, ჯამში, მომდევნო წლებში დარგში 1.5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
რატომ იზრდება საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი?
საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროს ჰიდროელექტროსადგურები წარმოადგენს, რომლებზეც საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 80% მოდის. დანარჩენ ენერგიას თბოსადგურები და ქარის ელექტროსადგურები გამოიმუშავებენ.
ელექტროენერგიის მოხმარებას სეზონურობა ახასიათებს. კერძოდ, ცივ სეზონზე მოხმარება იზრდება და ზაფხულის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. ამავდროულად, რადგან ელექტროენერგიის გამომუშავების 80%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, გამომუშავება ზამთარში მცირდება, თბილ პერიოდში კი, წყლის რესურსების ზრდასთან ერთად, იზრდება.
შესაბამისად, წლის ცივ პერიოდში ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი, ზაფხულში კი სიჭარბე აქვს. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის დაგროვება შეუძლებელია, თბილ პერიოდში საქართველო ელექტროენერგიას ყიდის, ძირითადად აზერბაიჯანსა და თურქეთში, ცივ პერიოდში კი ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს.
სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა დაასახელა.
ესკოს მონაცემებით, 2025 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1 557.5 მლნ კვტ/სთ შეადგინა, გამომუშავებამ - 14 246.5 მლნ კვტ/სთ, მთლიანმა მოხმარებამ კი 14 808.6 მლნ კვტ/სთ.
2024 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 1 227.5 მლნ კვტ/სთ იყო. შესაბამისად, ნომინალურ მაჩვენებელში იმპორტი გაზრდილია. თუმცა, იმპორტის ნომინალურ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად შეიცვალა მისი წილი ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში.
ცხრილი1: ელექტროენერგიის გამომუშავება, მოხმარება, იმპორტი, იმპორტის წილი მთლიან მოხმარებაში (მლნ კვტ/სთ)

მონაცემები აჩვენებს, რომ 2024-2025 წლებში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდებოდა როგორც ნომინალურ მაჩვენებელში, ასევე მთლიან მოხმარებაში მისი წილის მიხედვით.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, იმპორტის წილი მთლიან მოხმარებაში 1.94 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
იმპორტის ზრდის ფონზე, წლების განმავლობაში ვერ განხორციელდა რამდენიმე მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტი, მათ შორის ხუდონის, ნამახვანისა და ნესკრას პროექტები. რამდენად შეამცირებდა მათი განხორციელება იმპორტზე დამოკიდებულებას და ტარიფზე წნეხს, ცალკე ეკონომიკური შეფასების საკითხია. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი მზარდია, განსაკუთრებით დეფიციტურ სეზონებში.
Inter RAO-სთან დავა
ენერგეტიკის სექტორში მიღებულ გადაწყვეტილებებს სახელმწიფოსთვის სხვა ფინანსური შედეგებიც მოჰყვა.
ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული დავა რუსულ კომპანია Inter RAO-სთან არის, რომელიც ჰოლანდიური შვილობილი კომპანიების საშუალებით საქართველოში „თელასისა“ და „თელმიკოს“ აქციების 75%-ს, ასევე ჰიდროელექტროსადგურებს - „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ს ფლობს.
კომპანია ამტკიცებდა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) არ გაზარდა ელექტროენერგიის ტარიფები იმ ნიშნულამდე, რაც ხელშეკრულებით იყო გარანტირებული, რის გამოც ინვესტორმა მილიონობით დოლარის ზარალი განიცადა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმების ნაწილი დღემდე კომერციულ საიდუმლოებად რჩება.
საარბიტრაჟო დავა საქართველოსთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. ICSID-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს კომპანიისთვის 76 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო დარიცხული პროცენტების შედეგად ვალდებულებამ 2025 წლისთვის 139 მლნ დოლარს გადააჭარბა.
გადახდის ვალდებულება შვიდ ეტაპად გადანაწილდა და საბოლოო გადახდა 2028 წლის ივლისისთვის უნდა დასრულდეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისში ევროკავშირმა კომპანია Inter RAO-ს რუსეთის ფედერაციის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა.
ბუნებრივი გაზი - რა ტარიფს იხდიან მომხმარებლები დღეს
ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები საქართველოში პროვაიდერების მიხედვით განსხვავებულია.
2012-2017 წლებში თბილისის გაზმომარაგებას „ყაზტრანსგაზი“ ახორციელებდა. ამ პერიოდში კომპანიის მომხმარებლებისთვის ტარიფის ზედა ზღვარი არ შეცვლილა, თუმცა 2013 წლის მარტიდან ტარიფი 5 თეთრით შემცირდა. შემცირება სუბსიდირების ხარჯზე განხორციელდა.
2017 წლის ივლისში სუბსიდირების მემორანდუმები გაუქმდა და ეს პრაქტიკა შეწყდა.
2012 წელს „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი 31.6-42.8 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2017-2018 წლებში 46.153 თეთრი იყო.
2019 წლის მაისიდან „ყაზტრანსგაზი“ „თბილისი ენერჯიმ“ ჩაანაცვლა. 2020-2021 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 46.136 თეთრამდე შემცირდა, 2021 წლის ივნისიდან კი 53.972 თეთრი გახდა.
ამჟამად, 2027 წლის დეკემბრის ჩათვლით, ტარიფი 53.971 თეთრს შეადგენს.
„სოკარგაზისა“ და „საქორგაზის“ მომხმარებლებისთვის მიმდინარე ტარიფები, შესაბამისად, 56.928 და 56.990 თეთრია.
ბუნებრივი აირის შემთხვევაში ტარიფის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის იმპორტდამოკიდებულებას. 2025 წელს საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი გაზის დაახლოებით 99.6% იმპორტირებული იყო. იმპორტის ძირითადი წყარო აზერბაიჯანია, რომლის წილიც დაახლოებით 72% შეადგენდა, რუსეთის წილი კი 28%-მდე იყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, თუ 2020 წელს ქვეყანამ რუსეთიდან 204 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა, 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 886 მლნ კუბურ მეტრს მიაღწია.
ამასთან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. სოციალური გაზის (სოციალური გაზი“ არის აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის შეღავათიან პირობებში მიწოდებული ბუნებრივი აირი, რომლის ფასი კომერციულ გაზთან შედარებით დაბალია და ის ძირითადად მოსახლეობისა და სოციალური სექტორის საჭიროებებს ემსახურება) მიწოდების ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის დეკემბერში ეწურებოდა. თუმცა, 2026 წლის მაისში მხარეებმა ახალი მთავრობათაშორისი შეთანხმება გააფორმეს, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით გარანტირებულ მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ხელშეკრულებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
წყალი - ტარიფის ორი მნიშვნელოვანი ზრდა
წყლის გადასახადი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში 2018 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა.
თბილისში მრიცხველიანი საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის 1 მ³ წყლის საფასური 6.3 თეთრით, 3.29 ლარამდე გაიზარდა. მრიცხველის გარეშე აბონენტებისთვის გადასახადი ერთ სულზე 75 თეთრით, 3.888 ლარამდე გაიზარდა.
2020 წელს წყლის ტარიფი კვლავ შეიცვალა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მრიცხველიანი საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის 1 მ³ წყლის საფასური 0.329-დან 0.50 ლარამდე გაიზარდა, მრიცხველის გარეშე აბონენტებისთვის კი გადასახადი ერთ სულზე 3.892-დან 4.518 ლარამდე გაიზარდა.
ტარიფის ზრდის პარალელურად სუბსიდირება
კომუნალური ტარიფების ზრდის გავლენის შესამსუბუქებლად ხელისუფლება სხვადასხვა პერიოდში სუბსიდირების მექანიზმს იყენებდა.
ყველაზე მასშტაბური პროგრამა 2020-2021 წლებში (კოვიდპანდემიის პერიოდში) მოქმედებდა. მხოლოდ 2020-2021 წლების კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 423 მლნ ლარზე მეტი გამოიყო.
შემდგომ წლებში სუბსიდირება უფრო მიზნობრივი გახდა და ძირითადად სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და კონკრეტულ კატეგორიებს შეეხო.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდია 1 კვტ/სთ-ზე 5 თეთრით გაიზარდა.
მანამდე, 2026 წლის აპრილამდე, სარეიტინგო ქულით 70 000-ზე ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახები სუბსიდიის სახით 1 კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრს იღებდნენ.
მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ელექტროენერგიის ყოველთვიური სუბსიდია 20 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდა.
შეღავათი მოქმედებს მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვისაც - სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% ფინანსდება, თუმცა არაუმეტეს 100 კვტ/სთ-ისა.
წლების განმავლობაში კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის დახარჯული თანხები შემდეგნაირი იყო:
გრაფიკი 1: კომუნალური გადასახადების სუბსიდირების თანხები (მლნ ლარი)

წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები*
*ზოგიერთი რიცხვი მიღებულია სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების დაჯამებით
კომუნალური გადასახადები - სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით
კომუნალური გადასახადების დონე მსოფლიოს ქვეყნებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავებაზე გავლენას ახდენს ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი ენერგეტიკული პოლიტიკა, სახელმწიფო სუბსიდიები, ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება და ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა.
საერთაშორისო კვლევითი პლატფორმა Numbeo ქვეყნებს კომუნალური გადასახადების მიხედვით ადარებს 85 კვადრატული მეტრის ფართობის ბინისთვის. მაჩვენებელი მოიცავს ელექტროენერგიის, გათბობისა და კონდიცირების, წყლისა და ნაგვის გატანის ყოველთვიურ ხარჯებს. მონაცემები ეფუძნება მომხმარებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და ოფიციალურ წყაროებს.
Numbeo-ს 2026 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო კომუნალური ხარჯი ავსტრიაში ფიქსირდება — 383.34 აშშ დოლარი თვეში, ხოლო ყველაზე დაბალი — ირანში, 14.43 აშშ დოლარი. მაღალი კომუნალური ხარჯების მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ძირითადად ევროპის სახელმწიფოები დომინირებენ.
ცხრილი 2: მსოფლიოში ყველაზე მაღალი და დაბალი კომუნალური ხარჯის მქონე ქვეყნების ტოპ ათეული (აშშ დოლარი)

წყარო: NUMBEO
დაბალი კომუნალური გადასახადები, როგორც წესი, გვხვდება იმ ქვეყნებში, სადაც ენერგორესურსებზე ფასები დაბალია, ენერგეტიკული სექტორი სახელმწიფოს მიერ სუბსიდირდება ან ქვეყანას მნიშვნელოვანი შიდა ენერგორესურსები გააჩნია. თუმცა, დაბალი ნომინალური კომუნალური გადასახადი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ კომუნალური ხარჯი მოსახლეობისთვის ნაკლებ ტვირთს წარმოადგენს — ამის შესაფასებლად მნიშვნელოვანია შემოსავლების დონესთან მიმართებაც.
რაც შეეხება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს, Numbeo-ს 2026 წლის მონაცემებით, 85 მ² ბინისთვის ძირითადი კომუნალური ხარჯი საქართველოში საშუალოდ 77.57 აშშ დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 59.40 დოლარია, თურქეთში — 70.09 დოლარი, ხოლო სომხეთში — 116.60 დოლარი. შესაბამისად, მოცემულ ოთხ ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი საშუალო კომუნალური ხარჯი სომხეთში, ხოლო ყველაზე დაბალი — აზერბაიჯანში ფიქსირდება.
კომუნალური ხარჯების შედარებისას მნიშვნელოვანია, რომ Numbeo-ს მაჩვენებელი სხვადასხვა კომპონენტს აერთიანებს და უშუალოდ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის ცალკეულ ტარიფებს არ წარმოადგენს. ამიტომ მეზობელ ქვეყნებში კონკრეტული ტარიფების შესადარებლად საჭიროა ეროვნული მარეგულირებლებისა და შესაბამისი ოფიციალური წყაროების მონაცემების გამოყენება.
ცხრილი 3: ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ტარიფები

წყარო: სემეკის 2025 წლის ანგარიში
აქ მოცემულია შესაბამისი ქვეყნების ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფების შედარება.
ცხრილში წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავებებს განაპირობებს როგორც ენერგორესურსების ადგილობრივი ხელმისაწვდომობა და იმპორტზე დამოკიდებულების დონე, ისე სახელმწიფო რეგულირება, სუბსიდირების მექანიზმები და შესაბამის ბაზრებზე არსებული ფასები. შესაბამისად, მხოლოდ კომუნალური გადასახადების საბოლოო მოცულობის შედარება სრულ სურათს ვერ გვაძლევს და მნიშვნელოვანია ცალკეული ენერგორესურსების ტარიფების, ასევე მოსახლეობის შემოსავლების გათვალისწინება
რა მივიღეთ 14 წლის შემდეგ?
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კომუნალური ტარიფების შემცირების დაპირება ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ცალკეულ შემცირებაში მოკლევადიან პერიოდში მართლაც აისახა, თუმცა ეს ცვლილებები ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.
2026 წლისთვის ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეობების ფასები 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით 37.35%-ით არის გაზრდილი. ტარიფებზე ზეწოლას, მათ შორის, ზრდადი იმპორტი, ენერგეტიკის სექტორის საინვესტიციო საჭიროებები და გაზის მაღალი იმპორტდამოკიდებულება ქმნის. ამავე დროს, ხელისუფლება ტარიფების ზრდის გავლენის შესამსუბუქებლად წლების განმავლობაში სუბსიდირების მექანიზმს იყენებდა, რომლის მასშტაბურმა ფორმამ 2020-2021 წლებში 423 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
თუმცა „ქართული ოცნების“ დაპირების ინტერპრეტირება არ არის მართებული იმგვარად, რომ შემცირებული ტარიფი მუდმივად უნდა შენარჩუნებულიყო. დროთა განმავლობაში ფასებს ზრდის ტენდენცია ახასიათებს და გამონაკლისი არც კომუნალური გადასახადებია. შესაბამისად, გონივრულია დაშვება, რომ 14-წლიან პერიოდში ტარიფი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გარკვეულწილად გაიზრდებოდა. თუმცა, თავისთავად ფაქტია ისიც, რომ აღნიშნული დაპირება არ შესრულდა, ტარიფები მოკლევადიანი შემცირების შემდგომ საწყის ნიშნულს სწრაფად დაუბრუნდა და შემდგომ უკვე გადააჭარბა კიდეც.
ინფორმაციისთვის: მთავრობამ ენერგეტიკის მხარდამჭერი GREDA-ს კანონპროექტი ჯერ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მისაღები კანონების სიაში ჩასვა, მაგრამ საშემოდგომო სესიაზე განსახილველი და დასამტკიცებელი საკანონმდებლო აქტების გეგმიდან ამოიღო. კანონპროექტის მიზანი განახლებადი ენერგიის პროექტების მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობაა.
























