პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფის გაანგარიშება განსხვავებულად, მოხმარების მიხედვით უნდა განისაზღვროს.
ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა სოფიო ხორგუანმა კანონპროექტის ავტორს და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა უფრო მეტის გადახდა მოუწევთ თუ არა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.
"თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მეტი მოხმარება ნიშნავს იმას, რომ ის სოციალურად დაუცველია? საქმე ელექტროენერგიას არ ეხება, ეს გაზია. ჩვენ გვაქვს რეგიონები მაგალითად, ბორჯომში, ახალციხესა და ახალქალაქში გაზის მოხმარება დღევანდელ მოცემულობაში გაცილებით მეტია, ვიდრე ბათუმში, რადგან იქ სხვანაირი კლიმატია. აქ მოხმარების ნაკლებობა ან სიჭარბე მხოლოდ სოციალურ სტატუსზე არ არის დამოკიდებული ეს ბევრ სხვა რამეზეც არის დამყარებული. ამიტომ, სოციალურად დაუცველი პირიც რომ ცხოვრობდეს ახალციხეში, მას მაინც მოუწევს უფრო მეტი გაზის გამოყენება, რომ გათბეს. გამოდის, რომ მან უფრო მეტი უნდა გადაიხადოს?" - განაცხადა ხორგუანმა.
ამაზე ბერეკაშვილმა უპასუხა, რომ საკანონმდებლო ცვლილებით ზოგადი პრინციპი, ჩარჩო განისაზღვრა, უშუალოდ მოცულობებს სემეკი დაადგენს. რადგან სემეკს წყლისა და ბუნებრივი აირის ახალი ტარიფების დადგენა წლის ბოლოს უწევს, ახალი წესიც დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.
"აღნიშნული კანონპროექტი განსაზღვრავს მოქმედების არეალს და აკეთებს აქცენტს მოხმარების მოცულობაზე, რაც კომისიას აძლევს შესაძლებლობას, განსაზღვროს სატარიფო პოლიტიკა. თუმცა როგორც აღნიშნეთ, საბოლოო სატარიფო ფასს თავად სემეკი განსაზღვრავს სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით. მაყურებლისთვის რომ იყოს გასაგები დღეს საქართველოში გაზის საშუალო სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც ფიზიკური პირები იხდიან, 55-56 თეთრს შეადგენს. ეს ტარიფი 7.5-8-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბუნებრივი გაზი არ მოიპოვება, ჩვენი მთავრობის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დღეის მდგომარეობით უაღრესად დაბალი ტარიფი გვაქვს. აღნიშნული კანონპროექტი კომისიას აძლევს შესაძლებლობას და უწესებს ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც მას მოქმედება შეუძლია. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, მთავარი აქცენტი სოციალურ კომპონენტზე უნდა გაკეთდეს. ეს არის აღნიშნული კანონპროექტის შინაარსი და არსი", - განაცხადა ბერეკაშვილმა.
სოფო ხორგუანის თქმით, სატარიფო პოლიტიკაში მთავრობა უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული. "სემეკისთვის უფრო მეტი მითითებისა და კონკრეტული დავალების მიცემა ამ ჩარჩოებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა", - თქვა მან პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ ის დიფერენცირებული ტარიფის მომხრეა და ვინც მეტს მოიხმარს უფრო მეტი უნდა გადაიხადოს.
„მოდი, დავიწყოთ ევროპასთან შედარებით და ეს ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ, საკითხს უფრო სიღრმისეულად შევადაროთ ვთქვი, რომ ჩვენთან გაზის ფასი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 7.5-8-ჯერ უფრო დაბალია. ახლა რომ შევადაროთ საშუალო ხელფასი საქართველოში, 2025 წლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი დაახლოებით 850 ევროა, ხოლო იტალიაში საშუალო ხელფასი 2800 ევროს შეადგენს. სხვაობა დაახლოებით 3.5-ჯერ არის, ხო? ასე გამოდის. უნდა ავიღოთ საგადასახადო ბაზაც საშუალო ხელფასზე იტალიასა და გერმანიაში საშემოსავლო და სოციალური გადასახადი ხელფასზე 30-დან 40%-მდეა, საქართველოში კი - 22%. ე.ი ჩვენი მოქალაქე ხელფასიდან გადასახადის სახით 20%-ს იხდის, როდესაც ევროპელი მოქალაქე საშუალოდ 35-40%-ის ფარგლებში იხდის. რეალობა ასეთია ჩვენთან ენერგორესურსი 7.5-8-ჯერ უფრო იაფია, თუმცა ხელფასებს შორის სხვაობა 3.5-ჯერ მეტია. აქაც უპირატესობა გაგვაჩნია, თუკი შედარებას რეალური მსყიდველუნარიანობით ვისურვებთ. საბოლოო ჯამში კი, ხელმისაწვდომი ენერგორესურსები და საქართველოში არსებული მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფი, ჩვენს ქვეყანას დიდ კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.
რაც შეეხება იმას, დიფერენცირებული უნდა იყოს ტარიფი თუ არადიფერენცირებული და ყველამ თანაბრად გადაიხადოს, ცოტას მოიხმარს თუ ბევრს მე პირადად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მომხრე ვარ, რომ ტარიფი დიფერენცირებული იყოს. ვისაც მნიშვნელოვნად მაღალი შემოსავალი აქვს და მეტს მოიხმარს, მომხრე ვარ, რომ მან მეტი გადაიხადოს. მეტსაც ვიტყვი იმ რეგიონებში, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოს მთავრობა ენერგორესურსებს ნაწილობრივ ასუბსიდირებს. მაგალითად სვანეთის მოყვანა შემიძლია, სადაც ელექტროენერგიის საფასურს თუ არ ვცდები, სახელმწიფო იხდის. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ტარიფი ჩვენი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად სოციალურად მისაღები და პირველ რიგში, ხელმისაწვდომი იყოს. ხოლო ის თუ რა და როგორ განისაზღვრება, რა დონეზე ეს კომისიისა და სემეკის გადასაწყვეტია. ეს საქართველოს პარლამენტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის განსასაზღვრი არ არის, ჩვენ მხოლოდ ჩარჩოს ვქმნით", - განაცხადა ბერეკაშვილმა.
პარლამენტში განხილულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სემეკს ენიჭება უფლებამოსილება გარდამავალ პერიოდში წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.
























