წითელი ზღვის კრიზისის შედეგად გაძვირებული ტრანსპორტირების ფასების შემცირება დაიწყო. ამის შესახებ გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში "ბენე ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, შოთა გუბეიშვილმა განაცხადა, ფასების შემცირება სავარაუდოდ, ზაფხულამდე კიდევ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ჰუსიტების თავდასხმების გამო, გემები წითელ ზღვას თავს არიდებენ და აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ. 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას მნიშვნელოვნად აძვირებს. ტარიფმა მაქსიმალურ ნიშნულს იანვარში მიაღწია.
“დღევანდელი რეალობა ასეთია, რომ ტარიფებმა ოდნავ დაიკლო და აღარ არის გასამმაგებული, მაგრამ ორმაგი ფასები მაინც რჩება. პირობითად, 2023 წლის ზაფხულში ან გაზაფხულზე თუ ტრანსპორტირება საშუალოდ 3000 დოლარი ღირდა ჩინეთის პორტებიდან საქართველომდე, დღეს 7000-6000 დოლარის ფარგლებშია.
ვისაც ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ მოეცადა, შეენახა ტვირთები და არ ჰქონდა მარაგების საჭიროება საქართველოში, მოიცადა და ახლა დაბალ ტარიფში მოაქვს ტვირთები, მაგრამ, ვისაც სჭირდებოდა ეს ტვირთი, მოუწიათ გაზრდილი ტარიფებით წამოეღოთ, რამაც გარკვეულ პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
გარდა იმისა, რომ წამყვან ხაზებს და მათ წარმომადგენლობებს ვესაუბრებით საქართველოში, ასევე, ვესაუბრებით მათ საერთაშორისო დონეზე, რომ გემზე კონკრეტულ ფასად კონკრეტული ადგილები გამოგვიყონ, რათა კარგი სერვისი ქართულ ბაზარს ადეკვატურ ფასად შევთავაზოთ", - ამბობს "ბენე ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე.
ცნობისთვის, გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი, რომელიც 2024 წლის იანვარში წითელ ზღვაში კრიზისული მდგომარეობის გამო გასამმაგდა, უკვე კლების ტენდენციას აჩვენებს. 2023 წლის დეკემბერში ინდექსი 1,521 დოლარზე იყო, რაც იანვრის ბოლოს 3,964 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა თებერვალში ფასმა შემცირება დაიწყო, მარტის პირველ კვირაში კი ინდექსი დაახლოებით 17%-ით შემცირდა 25 იანვრის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით და ახლა 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 3287 დოლარია.