ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ მომხმარებლისთვის დენის სტაბილური მიწოდება, ავარიების შემცირება და ქსელის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.
როგორც ნინო გულეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარგში არსებული გამოწვევების ფონზე, მომხმარებელი მომავალში ელექტროენერგიის უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. მისივე თქმით, გასულ წელს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დენის ხშირი წყვეტები და ავარიები იყო.
“თითოეული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი არის მომხმარებელი. ის, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს სტაბილური მომსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ბოლო პერიოდში ეს იყო განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი სამსახურისთვის, იმიტომ რომ შემოსული განაცხადების ძალიან დიდი რაოდენობა, 80% ენერგოსექტორში იყო ზუსტად [ელექტროენერგიის] წყვეტებთან და მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. ეს იყო ხშირი წყვეტა, ავარიები, პიკურ საათებში დატვირთვას ვერ უძლებდა ქსელი. 2025-მა წელმა ასევე გვიჩვენა, რომ პიკური მოხმარების პერიოდში, როდესაც იყო განსაკუთრებული სიცხეები, ქსელი იყო გადატვირთული და ავარიების რაოდენობა იყო ძალიან გაზრდილი.
ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და გარდა იმ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა, რომელიც ზოგადად ქსელის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს და უნდა განავითაროს ქსელი, არის ის, რომ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემთხვევაში ქსელი საჭიროებს თავიდან ბოლომდე გადაწყობას და კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებით მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, კომისიის ამ გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს მომდევნო პერიოდში მომხმარებლებისათვის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა და ეტაპობრივად ავარიების შემცირება, ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა”, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.
ცნობისთვის, სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად, 1 აპრილიდან ელექტროენერგია გაძვირდება ყველა ტიპის მომხმარებლისთვის: როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. თბილისსა და რეგიონებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი 5 თეთრით იზრდება, ხოლო საწარმოებისთვის 4-6 თეთრით.




























