მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტარხუნა 80 ლარამდე გაიაფდა, 1 კვირის წინ კილოგრამი 300 ლარი ღირდა”- იმერი

ტარხუნა

ადგილობრივ ბაზარზე მწვანილის მოხმარება და ფასები გაზრდილია - ამის შესახებ აგროსფეროს წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ იმისთვის რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს და ფასები დაბალანსდეს, ქვეყანაში სხვადასხვა სახეობის მწვანილის იმპორტი იზრდება. განსაკუთრებით გაზრდილია ბაზილიკის, რეჰანის და ტარხუნის იმპორტი. რესტორნებმა პროდუქციის გაძვირების გამო მენიუდან ის კერძები ამოიღეს, რომლის მთავარი ინგრედიენტიც კონკრეტული სახეობის მწვანილია.

როგორც კომპანია “იმერის” დამფუძნებელი ნიკა კიკნაძე ამბობს, გასულ კვირას იმპორტირებული 1 კილოგრამი ტარხუნა 200-დან 300 ლარამდე ღირდა, თუმცა ამ კონკრეტული მწვანილი ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოვიდა და დღეს 1 კილოგრამი ტარხუნა 80 ლარი ღირს.

კიკნაძის თქმით, ფასი მაღალი ისეთ დეფიციტურ პროდუქტებზეა, როგორებიცაა ბაზილიკი, რეჰანი და ტარხუნა. მისი განმარტებით, წლიდან წლამდე მწვანილზე მოთხოვნა ჰორეკა სექტორის მხრიდან განსაკუთრებით გაიზარდა, მიწოდება კი მოთხოვნას ვერ წვდება.

“ფასის ცვლილება ეხება ისეთ დეფიციტურ პროდუქტებს როგორიცაა ბაზილიკი, ტარხუნა, რეჰანი, რაც უფრო რთულად მოსაყვანი პროდუქტია და უფრო მეტად ექვემდებარება იმპორტს. ადგილობრივი პროდუქტი ყოველთვის არსებობს, თუმცა იმპორტთან შედარებით ყოველთვის ძვირია. იმპორტი კი ადგილობრივი პროდუქციის მაღალი ფასის დაბალანსებას ახდენს, რომ კიდევ უფრო მეტად არ გაიქცეს ფასი.

ტარხუნაზე და ბაზილიკზე განსაკუთრებით მოთხოვნა იმიტომ არის გაზრდილი, რომ იხსნება უამრავი რესტორანი და სასტუმრო ყველგან დაიწყეს ბაზილიკის და ტარხუნის მოხმარება. 12 წელია ამ სფეროში ვარ და თავიდან პირველი 7 წელი სრულად ჰორეკა სექტორზე ვმუშაობდი, ტარხუნას და ბაზილიკს საერთოდ არავინ უკვეთდა. დღეს თითქმის ყველა უკვეთს ამ პროდუქტს, ამიტომ ფასები იზრდება.

ამ ეტაპზე ტარხუნა გაიაფდა და 80 ლარზე ჩამოვიდა, თუმცა 1 კვირის წინ 300 ლარი ღირდა. იმპორტით შემოვიტანეთ დროულად თორემ არ გამოვრიცხავ, რომ 500 ლარზეც ასულიყო”, - ამბობს ნიკა კიკნაძე.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები