Tass Vision 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის ერთ-ერთი ფინალისტია, რომელიც 2019 წელს უზბეკეთში შახზოდ უმირზაკოვმა და ჯამშიჯონ ხაკიმჯონოვმა დააფუძნეს. სტარტაპი ვიდეოკონტენტის ანალიზის ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის ალგორითმებიც საშუალებას აძლევს საცალო მოვაჭრეებს, ვიზიტორთა აქტივობის ანალიზითა და ავტომატური რეკომენდაციების მიღების გზით გააუმჯობესონ საკუთარი ბიზნესის ეფექტურობა.
ვრცლად სტარტაპის საქმიანობის შესახებ მის თანადამფუძნებელს, შახზოდ უმირზაკოვს გავესაუბრეთ:
რა არის TASS Vision და რით გამოირჩევა ის?
TASS Vision არის ინტელექტუალური ვიდეოთვალთვალის სისტემა, რომელიც 15%-მდე ზრდის ოფლაინ საცალო ვაჭრობის (მაღაზიების) გაყიდვებს. ამისათვის, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ორ სერვისს: ვიზიტორთა ანალიტიკას (VA), რომელიც აგროვებს მომხმარებლის მონაცემებს (ითვლის ვიზიტორთა რაოდენობას, განსაზღვრავს მათ სქესსა და ასაკს) და ადგენს კლიენტთა მოგზაურობის რუკას (CJM). ეს ყველაფერი ბიზნესებს ეხმარება, თვალყური ადევნონ მომხმარებელთა მოძრაობას მაღაზიაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Tass Vision შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს, გაზომონ ფიზიკური გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილებების მუშაობა KPI-ების ინტეგრირებით და, ამასთანავე, გაზარდონ საცალო შემოსავლები. სტარტაპი 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად Seed ეტაპზეა.
რა სამუშაო გამოცდილება გაქვთ დამფუძნებლებს ამ სფეროში?
Tass Vision-ს ორი დამფუძნებელი ჰყავს, მე - შახზოდ უმირზაკოვი, სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი და ჯამშიჯონ ხაკიმჯონოვი. ჩემი კარიერის განმავლობაში, 3 წელი ვმუშაობდი მენეჯმენტის მიმართულებით, 1 წელი - ტრანსპორტირების სფეროში და 3 წელი - გაყიდვებში.
სტარტაპის მეორე დამფუძნებელი - ჯამშიჯონ ხაკიმჯონოვი კი Tass Vision-ის CTO-ა, რომელსაც უმუშავია, როგორც მანქანური სწავლების სფეროში, ისე - სისტემების არქიტექტურაში. ის არის წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში აქვს მიღებული.
როგორ გახსენდებათ სტარტაპის პირველი ნაბიჯები?
რამდენიმე წლის წინ, მამაჩემის ავტობუსის კონდუქტორად ვმუშაობდი. ამ პერიოდში გავაცნობიერე, რომ ზოგიერთი მგზავრი თანხას არ იხდიდა. ამის შემდეგ მამაჩემს შევთავაზე, რომ ავტობუსში სენსორული IoT მოწყობილობები დაგვეყენებინა, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ იმას, თუ რა ოდენობის ადამიანი მგზავრობდა ავტობუსით.
სწორედ ასე შეიქმნა MVP - ჩვენ თვითონ გამოვცადეთ და დავაინსტალირეთ სისტემა 80 ავტობუსში, რისთვისაც ყოველი ავტობუსიდან თვეში 25 დოლარს ვიღებდით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბაზარი ძალიან მცირეა: კერძო ავტობუსების ოდენობა ბევრი არ არის, სახელმწიფომ კი უარი თქვა ამ გადაწყვეტაზე. სხვა ქვეყნებს კი უკვე ჰქონდათ საკუთარი სისტემები.
აშკარა გახდა, რომ მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებში მუშაობა წამგებიანი იყო და დავიწყეთ ფიქრი ექსპერიმენტებზე. დღეში დაახლოებით 55 ზარს ვახორციელებდით, თუმცა, კლიენტს ვერ ვპოულობდით.
საბოლოოდ, პირველი მსხვილი პარტნიორიც ვიპოვეთ, რომელიც საკუთარ მაღაზიათა ქსელში ჩვენი სისტემის დაინსტალირებაზე დაგვთანხმდა იმ პირობით, რომ სისტემას არა მხოლოდ ხალხის რაოდენობა უნდა დაეთვალა, არამედ მომხმარებლის ანალიზიც უნდა მოეხდინა (სქესის, ასაკის მიხედვით, რა დროს ატარებდნენ ისინი მაღაზიაში და ა.შ). ასე რომ, ჩვენ დავინახეთ ტექნოლოგიების განვითარების ახალი ვექტორი და დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის, განსაკუთრებით კი კომპიუტერული ხედვის შემქმნელების ძებნა.
ამ პერიოდში ჩვენ ფინანსური რესურსების გარეშე ვმუშაობდით, შესაბამისად, მხოლოდ ენთუზიაზმი გვამოძრავებდა. ვეძებდით პროგრამისტებს და, რაც მთავარია, პითონის უფროს დეველოპერს, რომელიც შეძლებდა, ჩვენი იდეები რეალობად ექცია.
საბოლოოდ, კლიენტთან წარსადგენად ჩვენ მიერ შეზღუდულ დროში და შეზღუდული რესურსებით მომზადებულმა პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა. პირველი შეკვეთა მივიღეთ, რისი წყალობითაც გუნდს ხელფასი გადავუხადეთ. თუმცა, ჩვენ მიერ შექმნილ კომპიუტერულ ხედვას ფუნქციონალის გაუმჯობესება ჯერ კიდევ ესაჭიროებოდა, ამიტომ დაახლოებით 2,5 თვის განმავლობაში ჩვენ ვაგრძელებდით ვიზიტორების ხელით დათვლას მაღაზიის 30 ფილიალში, ხოლო ჩვენი პროგრამისტები მუშაობდნენ სისტემის განვითარებაზე. საბოლოოდ, გუნდის ერთობლივი ძალისხმევით, დასაშვებ სიზუსტეს 80%-ით მივაღწიეთ.
როგორ შეაფასებთ სტარტაპის ამჟამინდელ მდგომარეობას?
ჩვენ ამჟამად საწყის ეტაპზე ვართ და მოუთმენლად ველით A სერიების დაწყებას.
აქამდე თუ მიგიღიათ სხვა ტიპის აქსელერატორში მონაწილეობა?
დიახ, ადგილობრივ აქსელერატორში.
რატომ გაგიჩნდათ სურვილი, მონაწილეობა მიგეღოთ 500Georgia-ში?
ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ გავიზარდოთ მენტალურად და მოვემზადოთ გლობალური ექსპანსიისთვის. ჩვენ გვქონდა გარკვეული გამოცდილება უზბეკეთის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ამჯერად უფრო დიდ და საინტერესო გამოცდილებას ვეძებდით.
როგორი მოლოდინები გაქვთ პროგრამასთან დაკავშირებით?
მოხარული ვიქნებით, რომ მენტორების გამოცდილება ცოტათი მაინც გავიზიაროთ და მათი კავშირები გამოვიყენოთ შემდგომი განვითარებისთვის დსთ-სა და MENA-ს ქვეყნებში.
და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
TASS Vision-ის მთავარი მისია ტრადიციული საცალო ინდუსტრიის გარდაქმნაა. ახლა ჩვენ ვართ - მაღაზიის ანალიტიკური ინსტრუმენტი ოფლაინ საცალო ვაჭრობისთვის კომპიუტერული ხედვის საშუალებით, ახლო მომავალში კი ვიქნებით - უფასო გადახდის ინსტრუმენტი არსებული ოფლაინ საცალო ვაჭრობისთვის. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მაღაზიაში ავტომატურად, სალაროსა და გამყიდველის გარეშე იყოს შესაძლებელი გადახდების განხორციელება. ეს ტექნოლოგია უკვე არსებობს აშშ-ში და 2023 წელს ვგეგმავთ საპილოტე ვერსიის ჩვენს ქვეყანაში გაშვებას.
NS