მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონია

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონია

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

21 მაისს ტატამზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი დიმიტრი გოჩილაიძე და ტატო გრიგალაშვილი გამოვიდა.

გრიგალაშვილმა ფინალამდე ოთხ მეტოქეს სძლია. გერმანელი ტიმო კაველიუსი და თურქი ვედატ ალბაირაკი ქართველ ძიუდოისტთან სამ-სამი შიდოს მიღებით დამარცხდნენ, ხოლო ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი ტატომ ვაზარით დაამარცხა. რაც შეეხება ფინალისტ ტიმურ არბუზოვს ის გრიგალაშვილმა ძირითად დროში ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

საგულისხმოა, რომ გრიგალაშვილმა კარიერაში მესამედ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და ამასთან, ტურნირის ფინალში ზედიზედ მეოთხედ იასპარეზა. ასევე, ის საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამჯერ შეძლო ოქროს მედლის აღება.

ოქროს მედალოსანისთვის საპრიზო ფონდი 26 ათასი ევროთი იყო განსაზღვრული, საიდანაც 20 800 ევროს ძიუდოისტს ეკუთვნის, ხოლო 5200 ევრო მწვრთნელს გადაეცემა.

რაც შეეხება გოჩილაიძეს, მან ნახევარფინალამდე გააღწია, თუმცა რუს ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა, რის შემდეგაც ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ასპარეზობა. მესამე ადგილისთვის მისი მეტოქე ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი იყო, რომელმაც ქართველი ფალავანი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია ოქროს მედლების მოპოვება ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) და გიორგი სარდალაშვილმა (-60კგ) შეძლეს, ხოლო ბრინჯაოს მედალს ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) დაისაკუთრა.

22 მაისს საქართველოს 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი ეყოლება გიორგი ჯაბნიაშვილის სახით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები