“TAV GEORGIA-ს ინტერესებში არ შედის საქართველოს ავიაციის განვითარება”- ამის შესახებ HUB GEORGIA-ს დამფუძნებელმა ვასო ურუშაძემ განაცხადა. როგორც ურუშაძე bm.ge-თან ამბობს, თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის აშენება, რომლის შესახებაც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, არარეალურია, რადგან ამ მიმართულებით მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. ურუშაძის განმარტებით, ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ 150 კმ რადიუსში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა შეზღუდულია, ხოლო აჭარაში კი არსებული რელიეფური მდგომარება აეროპორტისთვის ახალი ლოკაციის შერჩევას ართულებს.
“არის ბევრი შესაძლებლობა, რომ გადაიხედოს TAV GEORGIA-თან ხელშეკრულება. მაგალითად იქ პირდაპირ არის ჩანაწერი, რომელიც ზღუდავს 150 კმ რადიუსში ალტერნატიული აეროპორტის ფუნქციონირების შესაძლებლობას და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან კონკურენციის შესახებ”-აცხადებს HUB GEORGIA-ს დამფუძნებელი ვასო ურუშაძე.
ურუშაძე პრობლემებს შორის ასახელებს საავიაციო ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციასაც, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის.
“ჩვენი სახელმწიფოს ქონება, ამ შემთხვევაში აეროპორტები გადაცემული გვაქვს გარკვეული წლით იჯარით სხვა კომპანიისთვის, რომელიც ერთგვარ კონკურენციაშიც კი არის ჩვენთან. ეს არის თურქული კომპანია TAV GEORGIA. მათ ინტერესებში არ შედის ის, რომ საქართველო საავიაციოდ განვითარდეს იმგვარად, რომ მომავალში ის გახდეს კონკურენტუნარიანი რეგიონში და კონკურენცია გაუწიოს თურქეთს-”ამბობსHUB GEORGIA-ს დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა თბილისსა და ბათუმში აეროპორტების გაფართოებას განიხილავს. ამ ინციატივით საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა. ქობულია ამბობს, რომ საკითხზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და არ გამორიცხავს, დედაქალაქში აეროპორტის ახალ ლოკაციაზე მშენებლობსაც, მიზეზად კი გაზრდილი მგზავრთნაკადი სახელდება.

























