მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Georgia თბილისის აეროპორტის განვითარებაში მომავალ წელს $7 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს

თბილისის აეროპორტი

„ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის მომავალ წელს 7 მლნ დოლარის ინვესტირება იგეგმება. ამის შესახებ თეა ზაქარაძემ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საუბრისას განაცხადა, რა დროსაც თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების აუცილებლობასა და გეგმებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში გარკვეული სამუშაოები დღეისთვის უკვე მიმდინარეობს, ნაწილის შესრულება კი მომავალი წელზეა გაწერილი.

„წელს გაფრენის ტერმინალის გაფართოების მიზნით სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამის გამო მგზავრებს მცირედი დისკომფორტი ექმნებათ, მაგრამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ საპასპორტო სივრცეში და არამხოლოდ აქ, ბევრად მეტი სივრცე გვექნება. შედეგად მგზავრები აეროპორტში გადაადგილებას ბევრად უფრო კომფორტულად შეძლებენ და ამასთან, უფრო მეტ მგზავრს მოვემსახურებით.

ასევე გვაქვს მიმდინარე სამუშაოები აეროდრომის მხარეს, რომელსაც წელს სრულად განვაახლებთ. დეკემბრის ბოლოს კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის სამიმოსვლო ბილიკის მოწყობა დასრულდება, რომელსაც ყველაზე მეტი ავიაკომპანია იყენებს.

ვფიქრობ, წელს საკმაოდ დიდი სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2024 წელს კიდევ უფრო მეტი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რადგან ტერმინალი მოძველებულია და არსებული ტრაფიკი გატარებას ვცდილობთ. შესაბამისად, ყველანაირ ღონეს ვხმარობთ, რომ ტერმინალი გამართულად მუშაობდეს. მომავალ წელს დაგეგმილ სამუშაოებს შორისაა მოფრენის ტერმინალის საპასპორტო სივრცის გაფართოებაც“, - ამბობს ზაქარაძე და აღნიშნავს, რომ მომავალ წელს დაგეგმილი სამუშაოებისთვის 7 მლნ დოლარია გაწერილი.

თეა ზაქარაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2 მლნ დოლარი ინვესტიცია ჩაიდება.

"ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის დინამიკა პოზიტიურად აფასებს.

„გვქონდა მოლოდინი, რომ 2023 წელს 2019 წლის მონაცემებით ჩავხურავდით. ძალიან მცირედი განსხვავებაა, მაგრამ 2019 წლის რიცხვებს ჯერ ვერ მივაღწიეთ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს რაც შეეხება, იქაც მინუსებში ვართ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე იყო ამ წელს. ისრაელის კონფლიქტმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, რადგან იქ ბევრი ისრაელური ავიაკომპანია დაფრინავს. თბილისშიც მგზავრთნაკადის აღდგენაზე გავლენა გარკვეულმა ფაქტორებმა იქონია, მაგრამ თბილისში წელს მაინც პოზიტიურად ვაფასებთ. რაც შეეხება ბათუმს, უფრო უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო“, - განაცხადა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები