"ტავ ჯორჯია" ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს, თუმცა ავიაკომპანიის ფრენებს არ შეაჩერებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, თვეების განმავლობაში ქართული ავიაკომპანია არ იხდის სრულად იმ გადასახადს, რომელიც აეროპორტის მმართველი კომპანიის მიმართ აქვს, შედეგად დავალიანება 9 მლნ ლარის ოდენობით დაუგროვდა.
გარდა ამისა, თეა ზაქარაძის განცხადებით, "ტავ ჯორჯიამ" არაერთხელ შესთავაზა ქართულ ავიაკომპანიას გადახდის გეგმა–გრაფიკი, რაზეც "ჯორჯიან ეარვესი" არ თანხმდება. ამასთან, ზაქარაძის განმარტებით, 2018 წლის ივლისში, ქართულ ავიაკომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იყო ყველანაირი პირობა, მათ შორის, მოსაკრებლები და ამ პირობებს "ჯორჯიან ეარვეისი" დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით მოსაკრებლების გადახდაზე ნაწილობრივ უარი თქვა.
"დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კი არ არის, პირიქით, შეღავათები აქვს „ჯორჯიან ეარვეისს", – აღნიშნა მან.

























