2024 წლის 18 დეკემბერს, "ტავ ჯორჯიამ" საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
კომპანიის ინფორმაციით, ყოველწლიურ შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს უკვე ჩატარებული სამუშაოები და იმსჯელეს სამომავლო პროექტებზე, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.
"ტავ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნეს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მგზავრთნაკადი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რეკორდული იყო: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს 4,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიური მაჩვენებელი. ბათუმის აეროპორტს კი 945 000 მგზავრი სტუმრობდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია. „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს თვალსაჩინო ზრდა ხაზს უსვამს ამ ორი აეროპორტის რეგიონულ მნიშვნელობასა და მათ როლს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე ის პროექტები, რომლებიც "ტავ ჯორჯიამ" 2024 წელს დაასრულა:
- 2024 წელს გაფართოვდა და განახლდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრებისა და ჩამოსვლის ტერმინალების საპასპორტო კონტროლის ზონები
- დაიგო ასფალტი და გარემონტდა სამიმოსვლო ბილიკის ნაწილი 20 000 კვ.მ ფართობით
- მოეწყო საჰაერო ხომალდების ახალი პარკირების ზონები (საერთო ჯამში დაახლოებით 30 000 კვ.მ ტერიტორია)
- ასევე, ჩაიდო ინვესტიციები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის, რაც მიზნად ისახავს აეროპორტების გამტარუნარიანობის ზრდას.
აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ტექნიკურ საჭიროებებსა და 2025 წლის გეგმებს, რომელიც ავიაკომპანიების მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებასა და მგზავრების საჭიროებაზე მეტად მორგებას ემსახურება.
„ტავ ჯორჯია“, რომელიც დღეს უკვე ფრანგული ჰოლდინგის, ADP-ის ჯგუფის წევრია, საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და მართავს როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციით, ამ 19 წლის განმავლობაში კომპანიამ ააშენა და განავითარა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი აეროპორტების ინფრასტრუქტურა და გააძლიერა საქართველოს აეროპორტების მნიშვნელობა რეგიონულ ჭრილში. შექმნა მომსახურების მაღალი სტანდარტი, როგორც ხარისხიანი ინფრასტრუქტურის, ასევე მაღალკვალიფიციური კადრების საშუალებით. „ტავ ჯორჯია“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, აერთიანებს რამდენიმე შვილობილ კომპანიას და საერთო ჯამში ასაქმებს 1700-მდე მოქალაქეს.