თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისათვის მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) შესაძენად კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა.
ამჯერად, უწყება 35 ათასი წყვილი ფეხსაცმლის ყიდვას გეგმავს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 3 მილიონ ლარამდეა.
გამარჯვებულმა კომპანიამ ფეხსაცმლის პირველი პარტია, 12 ათასი წყვილი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა მიაწოდოს შემსყიდველს.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ სულ ახლახანს დაასრულა ფეხსაცმელების კიდევ ერთი პარტიის, 25 ათასი წყვილის შეძენის პროცედურები და ხელშეკრულება კომპანია ,, pressco“-თან გააფორმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლოტზე ტენდერის გამოცხადება უწყებას მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია, რადგან შედეგები მუდმივად საჩივრდებოდა.
ზოგიერთმა მონაწილემ, სატენდერი პირობები გაასაჩივრა, ზოგმა კი, გამარჯვებული კომპანიის წინააღმდეგ იდავა.
ცნობისთვის: ერთ-ერთი ასეთი ტენდერის შედეგად, საუკეთესო შედეგი, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული, პეტრე დევრიშაძის კუთვნილმა კომპანიამ აჩვენა, თუმცა მაშინ სამინისტრომ ეს ტენდერი საერთოდ გააუქმა.