თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ და დავების საბჭოში უჩივიან. კომპანია ,,უნიფორმ სერვისში“ ამბობენ, რომ უწყებამ სატენდერო პირობები კონკრეტულ კომპანიას მოარგო, რითიც კონკურენტული გარემო შეიზღუდა. საუბარია ჯარისკაცებისათვის 25 ათასი წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესაძენად გამოცხადებულ 2,3 მილიონიან ტენდერზე.
შპს ,,უნიფორმ სერვისის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს პირდაპირ მითითებას ფეხსაცმლის შესასყიდ მოდელსა და მწარმოებელზე. ,, უფრო მეტიც, შემსყიდველი უთითებს, რომ კონკრეტული მოდელის შეთავაზების შემთხვევაში, პრეტენდენტს გაათავისუფლებს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულებისაგან, რაც ასევე დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ჯანსაღ კონკურენციას“-ნათქვამია კომპანიის საჩივარში.
სატენდერო დოკუმენტაციაში მართლაც მითითებულია თურქული კომპანია Yakupoglu Tekstil ve Deri Sanayi Ticaret A.S-ი, როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე აპრობირებული მწარმოებელი, რომლის შეთავაზების შემთხვევაში მიმწოდებელს არ მოეთხოვება ნიმუშისა და ლაბორატორიული შემოწმების დასკვნის წარდგენა.
კომპანია, ასევე სადაოს ხდის ფეხსაცმლის მიწოდების ვადებსაც. შპს ,,უნიფორმ სერვისში“ მიაჩნიათ, რომ ვერცერთი პრეტენდენტი მოთხოვნას ვერ შეასრულებს, თუკი წინასწარ არ აქვს კონკრეტული ტენდერის ფარგლებში შესასყიდი საქონელი შეკვეთილი ან უკვე დასაწყობებული. ასევე მიუღებლად და დისკრიმინაციულად მიაჩნიათ 20 წლიანი გამოცდილების აუცილებლობა, რაც მიმწოდებელს მოეთხოვება. სარჩელი დავების საბჭოში უკვე განხილვის პროცესშია.