თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების ფეხსაცმელების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული სკანდალური ტენდერის პირობების გადახედვა კიდევ ერთხელ მოუწევს. გადაწყვეტილება ამის შესახებ, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ, კომპანია ,,ყველა სეზონის“ საჩივრის საფუძველზე მიიღო. საჩივარი საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სატენდერო კომისიას კი დაავალა, რომ ,,ყველა სეზონის“ მიერ დაფიქსირებულ პრეტენზიებზე იმსჯელოს და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს.
კომპანიას რამდენიმე პრეტენზია ჰქონდა სატენდერო მოთხოვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიას 20 წლიანი გამოცდილება ჰქონოდა, რასაც ,,ყველა სეზონი“ უსამართლო ნორმად მიიჩნევდა. კომპანიისთვის ასევე მიუღებელი იყო პროდუქციის მიწოდების ვადებიც. კერძოდ, საჩივარში აღნიშნული იყო, რომ 60 დღეში 12 ათასი წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის წარმოებაც და მიწოდებაც შეუძლებელი იყო და ეს მოთხოვნა ზღუდავდა კონკურენცია.
შეგახსენებთ, რომ ეს, თავდაცვის სამინისტროს უკვე მესამე მცდელობაა, ჯარისკაცებისათვის 25 ათასი წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეიძინოს. პირველი ტენდერი, რომელიც, ჯერ კიდევ მარტში გამოცხადდა - არ შედგა, მომდევნო ტენდერი კი თავად სამინისტრომ გააუქმა, მედიაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ. მაშინ, 2,3 მილიონიან ტენდერს, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კუთვნილი კომპანია იგებდა.

























