“პირველი გამოწვევა დღეს არის ნელი ტემპი”- ამის შესახებ BM.GE-ის ევროპული პოლიტიკური კვლევის ცენტრის CEPS-ის მკვლევარმა თინათინ ახვლედიანმა განუცხადა. როგორც ახვლედიანი ამბობს, საქართველოს პანდემიის დასაწყისშივე ტურიზმთან მიმართებით უცნაური სტრატეგია ჰქონდა არჩეული.
მისი თქმით, საზღვრები მხოლოდ 5 ქვეყანასთან გაიხსნა და ვერც მწვანე ზონის სტატუსი გამოვიყენეთ, დაიკარგა შესაბამისი შემოსავლებიც.
“თავიდანვე უცნაური სტრატეგია ავირჩიეთ. არც ბოლომდე დავიკეტეთ და არც გავიხსენით. სხვა ქვეყნებმა მოახერხეს და მიიღეს შემოსავალი, მაგალითად საბერძნეთმა, პორტუგალიამ, იტალიამ. ჩვენ ეს გამოვტოვეთ, რაც ძალიან ცუდად აისახა ჩვენს ეკონომიკაზე. პირველი გამოწვევა დღეს არის ტემპი, ნელი რეაქციები გვქონდა. ტემპი უნდა იყოს სტრატეგიულად უფრო მეტად დაჩქარებული. უფრო აქტიური დიალოგია საჭირო ბიზნესთან და არა მარტო დიალოგი. ამ პროცესში შედეგების იმპლემენტაციაზე უნდა მოხდეს აქცენტი. დღეს ძალიან ბევრი რჩევა გვაქვს თვითონ ევროკავშირისგან და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან, მაგრამ რამდენად ხდება ამ რჩევების იმპლემენტაცია, ეს ცალკე საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია კაპიტალის მზაობა, დღეს ჩვენს ბიზნესს ძალიან ცუდი პერიოდი აქვს. მეტი თანხები უნდა გამოიყოს, გამოთავისუფლდეს იმისთვის, რომ მათ განაგრძონ ფუნქციონირება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესმა", - აცხადებს ევროპული პოლიტიკური კვლევის ცენტრის CEPS-ის მკვლევარი თინათინ ახლედიანი.
მისივე თქმით, საქართველომ სწორება მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა გააკეთოს. როგორც ის ამბობს, ქვეყანამ როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ექსპორტის გაძლიერებაზეც უნდა იფიქროს. ალტერნატიულ მიმართულებებად სათამაშოების, ტექსტილისა და ავეჯის წარმოება სახელდება, რომლის ექსპორტიც მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებში წარმატებით შეგვიძლია.