"თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე შემოერთება სიმამაცის ნიშანია!" - ამის შესახებ პლატფორმა FreeBusiness-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი წერს.
ჩუგოშვილის "პოსტს" BM.GE სრულად გთავაზობთ.
"თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე შემოერთება სიმამაცის ნიშანია!
ასევე იმის ნიშანია, რომ მათი დამფუძნებლები იაზრებენ, რომ პოლიტიკისა და იზოლაციის გამო ეკონომიკასა და მოსახლეობას ემუქრება დიდი საფრთხე, იქნება ეს რეცესია, პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესისა, და შემდეგ დიდი ბიზნესისის, ფინანსური პრობლემები, გაკოტრება, ვალუტის გაუფასურება, ინფლაცია თუ სხვა ეფექტები. ამ ყველაფერმა შეიძლება ათწლეულებით უკან დაგვხიოს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველასა ვინც უკვე შემოუერთდა! ვამაყობ ამდენი და ასეთი ბიზნესმენი/მეწარმე/ანტრეპრენერი რომ გვყავს ქვეყანაში!
აქვე მინდა რამდენიმე ციფრი გითხრათ...
საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში არის 229,900 აქტიური ბიზნეს სუბიექტი, მაგრამ აუდიტის სამსახურში ანგარიში 2023 წელს გაგზავნა მხოლოდ 79,000-მა კომპანიამ. ეს არის ის კომპანიები ვისაც რეალურად ბრუნვა აქვს. არავინ არ გვითხრას, რომ 229,900 აქტიური კომპანიაა საქართველოში. დაახლოებით 80-85 ათასი კომპანიაა, რომელიც რეალურად ოპერირებს.
არის კიდევ ბევრი კომპანია, რომელიც ამ საფრთხეებს ხედავს და უნდა შემოუერთდეს პლატფორმას, მაგრამ ეშინიათ რაციონალური მიზეზების გამო. სამწუხაროდ, ასეთი ქვეყანა გვაქვს.
თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთი კომპანიებიც და დამფუძნებლებიც, ვინც არც ევროპულ კურსს ეთანხმება, არც სამართლიანობა უნდა, და პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებს. აქ ნულოვანი პატივისცემა მაქვს.
ჩვენი მიზანი არის, რომ პლატფორმა იყოს ის ნათელი წერტილი, რომლის შემოერთებაც კომპანიებს მოუნდებათ. გავაძლიეროთ ერთმანეთი, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, დავიცვათ ერთმანეთი. ზუსტად ვიცი, რომ ყველა ვის სახელსაც ვერ ვნახავთ მხარდამჭერთა სიაში, არ ნიშნავს, რომ ჩვენი წინააღმდეგია.
რატომ გეშინია და რატომ არ ხარ გმირი? ამ წნეხმა შეიძლება ბევრი ადამიანი და კომპანია უფრო დააშოროს სწორ პოზიციას. ერთად უნდა ვეცადოთ, რომ სწორ მხარეს დგომას გმირობა არ სჭირდებოდეს. დღეს სამწუხაროდ ასეა, სწორ მხარეს დგომას გმირობა სჭირდება.
გმირები უნდა გავაძლიეროთ, შიში უნდა გადავტეხოთ, ვეცადოთ, რომ ნამდვილი ევროპული ბიზნესი დაფასდეს, გავაკეთოთ ისე, რომ შემოუერთება უნდოდეთ, და არა ისე, რომ შიშის გამო შემოუერთდნენ.
ვეცადოთ ისეთი ერთობა შევქმნათ, როგორი ქვეყანაც გვინდა რომ გვქონდეს.
ამ მიზნით ბევრ პროექტს ვგეგმავთ და ბევრი კომპანიისგან ძალიან საინტერესო ინიციატივები მოდის.
წარმატებები ჩვენს ქვეყანას!" - წერს გიორგი ჩუგოშვილი.
FreeBusiness თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაა, რომელზეც კომპანიები ხელმოწერით უერთდებიან თბილისში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების ორ ძირითად მოთხოვნას: ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებული პირები ახალ წლამდე გათავისუფლდნენ. განცხადებას ამჟამად 2300-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, 620 კომპანიის ხელმოწერა კი მუშავდება.