მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თავისუფლების ფონდი", რომელმაც 97 815 ლარის ჯარიმები გადაიხადა, ბრიტანულ იურისდიქციაში ექცევა - რას ნიშნავს ეს?

დავით ჯინჭარაძე

"თავისუფლების ფონდის" დამფუძნებლის დავით ჯინჭარაძის განცხადებით, ფონდი ახლა სტრუქტურული და სამართლებრივი გარდაქმნების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა ორგანიზაციისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებაზე დიდ ბრიტანეთში, რათა მისი ოპერირება ბრიტანული კანონმდებლობის ფარგლებში გაგრძელდეს.

"თავისუფლების ფონდი", დაახლოებით, ერთი თვის წინ შეიქმნა მას შემდეგ, რაც საქართველოში მსგავსი ტიპის ფონდების საქმიანობა შეიზღუდა და ფონდებს ანგარიშები დაუყადაღეს.

„გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ფონდი, რომელსაც ვერ დააყადაღებდნენ, რადგან ვცხოვრობ ინგლისში; ამ ფორმით ფონდის არსებობა საკმაოდ კომფორტულია“, - ამბობს ის.

თუმცა ამ ეტაპზე ფონდის სამართლებრივი ფორმა ინდივიდუალურ ანგარიშებს ეფუძნება, რაც, როგორც დავით ჯინჭარაძე ამბობს, საქმიანობას პერსონალურ ნდობაზე აყრდნობს, თუმცა მისი მიზანია, ფონდმა ინსტიტუციური ფორმა შეიძინოს და ნდობის საფუძველი კიდევ უფრო გაფართოვდეს.

„ნდობას უზრუნველყოფს გამჭვირვალობაც - ვაქვეყნებთ ყველა გადარიცხვას, სახელებისა და გვარების დაფარვით, თუმცა სხვა დეტალებით. მიზანია, ბიზნესი, რომელიც ჯერ კიდევ მერყეობს, მეტად გვენდოს", - განაცხადა მან BMG-სთან ინტერვიუში.

დავით ჯინჭარაძე განმარტავს, რომ საუბარია ბრიტანულ მოდელზე, რომელიც გულისხმობს ფისკალურ სპონსორობას ფართო ქოლგა ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც იურიდიულ სტატუსს სთავაზობს მცირე არაკომერციულ პროექტებს მინიმალური ხარჯის სანაცვლოდ.

„რეგისტრაციის შემდეგ, ფონდს ექნება ბრიტანული იურიდიული სტატუსი და გადარიცხვების გამჭვირვალობა კიდევ უფრო მაღალი დონის იქნება. დონორებისთვის ეს ნიშნავს დამატებით გარანტიას, რომ თანხა იურიდიულად დაცულ გარემოში ირიცხება“, – ამბობს ჯინჭარაძე და იქვე დასძენს, რომ „ეს ნაბიჯი ფონდს მეტ ინსტიტუციურ ნდობას შესძენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო პარტნიორებისთვის".

გარდა ამისა, ფონდი ქართველ და ევროპელ კომუნიკაციის სპეციალისტებთან ერთად ამზადებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართონ.

პარალელურად, დავით ჯინჭარაძე მიმდინარე კვირაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე შეხვედრას გეგმავს, სადაც ფონდის საქმიანობასაც წარადგენს. მისი მიზანია, მსგავსი დიპლომატიური კომუნიკაციები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდეს.

დავით ჯინჭარაძის ინფორმაციით, ფონდი ამ დროისთვის სერიოზული ფინანსური დეფიციტის წინაშეა. როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე მხოლოდ თითოეული ჯარიმისთვის მაქსიმუმ 1,000 ლარის გადარიცხვას ახერხებენ, თუმცა ჯარიმების საერთო ოდენობამ 200,000 ლარს გადააჭარბა.

„ფონდში მკვეთრად ვგრძნობთ ფინანსური რესურსის დეფიციტს... ჯარიმების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება“, — აღნიშნავს ჯინჭარაძე.

დღეს ფონდის ფინანსები რამდენიმე უცხოეთში რეგისტრირებულ ანგარიშზე ნაწილდება, ასევე ერთი Paysera-ს ლარის ანგარიშით.

დავით ჯინჭარაძის ცნობით, ფონდი უკვე 74 ადამიანზე მეტს, საერთო ჯამში, 97,815 ლარით დაეხმარა.

👉 ფონდის ვებსაიტი და დონაციის ბმული: www.tavisuplebispondi.com

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები