21 თებერვალს ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის ჯგუფის აქციები 9.46%-იანი ზრდით დაიხურა და ერთ აქციის ღირებულებამ 14.12 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.
რეკორდული ზრდის შედეგად, TBC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 66 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა და 765 მილიონ გირვანქას შეადგენს. TBC-იმ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზება (IPO) 2016 წლის 10 აგვისტოს გააკეთა. ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებულ 250 უმსხვილეს კომპანიას შორისაა.
ამ პერიოდის განმავლობაში ბანკს ერთ დღეში 6%-ზე მაღალი ზრდა სულ 4-ჯერ ჰქონდა. TBC-ის აქციების ყველაზე დიდი - 6.66%-იანი ერთდღიანი ვარდნა 2019 წლის 14 თებერვალს, მამუკა ხაზარაძის გათავისუფლებაზე სებ-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ ჰქონდა.
TBC ბანკმა გუშინ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების განცხადებასთან ერთად, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებაც გამოაქვეყნა. 2018 წელს TBC-ის წმინდა მოგება მთელი 23%-ით, 454.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
TBC-ის აქციები მიმდინარე გამოძიებას, ფულის გათეთრების ბრალდებას, მილიონიანი ჯარიმას, ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და გადაყენების მოთხოვნის გამო ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ეცემოდა.

























