ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი თიბისი ბანკისა და მისი მფლობელების გარშემო მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მინისტრის თქმით, თიბისი ბანკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაციაა ქვეყანაში, რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. მისი ინფორმაციით, კითხვები აქციონერებთან ჰქონდა პროკურატურას. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, მაჭავარიანის თქმით, საგადასახადო კუთხით ბანკთან მის უწყებას ამ ეტაპზე არანაირი კითხვები არ აქვს.
„თიბისი ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში, მაღალი რეპუტაციის მქონე. ამას ადასტურებს მისი რამდენიმე ათწლეულიანი ისტორია. ასევე ადასტურებს ის, რომ ისინი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ამიტომ ამ ინსტიტუტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე არ ემუქრება საფრთხე საქართველოში ფინანსურ სისტემას და მის მდგრადობას.
მე როგორც ვიცი იყო კითხვები. პროკურატურამ გააკეთა ეს განცხადება. ჰქონდათ კონკრეტულ აქციონერთან რაღაც შეკითხვები. მე გეუბნებით, რომ საგადასახადო კუთხით, ამ ეტაპზე არანაირი კითხვები არ გვქონია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამასთან დაკავშირებით არ არის თემა. თიბისი ბანკთან საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის. დარწმუნებული ვარ ამ ინსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იყო პროკურატურის განცხადება, იყო ტრანზაქციებზე დაკითხვა, დაველოდოთ გამოძიებას, ან თუ გინდათ არ დაელოდოთ მიდით და კითხეთ რაზეა ლაპარაკი. სხვა კითხვა არანაირი არ გვაქვს ჩვენ“-აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომლებს თიბისი ბანკის აქციონერები ტრანზაქციებთან დაკავშირებით ჰყავდათ დაბარებული.
„თიბისი ბანკი მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს და გააგრძელებს ასეთად დარჩენას“-აცხადებს მინისტრი.

























