მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC ბანკის ჯგუფის წმინდა მოგება 23%-ით, 454.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა

5c6e946f8a4c6
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.19 16:20
2148
TBC ბანკის ჯგუფმა, რომელიც სააქციო საზოგადოება TBC ბანკის მფლობელია, 2018 წლის წინასწარი ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ჯგუფის მიერ აკუმულირებული წმინდა მოგება 454.9 მილიონ ლარს შეადგენს. 2017 წელს ჯგუფის მოგება 369.2 მილიონი ლარი იყო.

ჯგუფის მთლიანი აქტივები 15,526,300,000 ლარს შეადგენს, შესაბამისად ის საქართველოს ყველაზე დიდ საბანკო ინსტიტუტს წარმოადგენს.

თიბისის წილი ქართულ საფინანსო სექტორში ასეთია:
  • აქტივების მიხედვით, საბანკო სექტორის 38.2%;
  • სესხების მიხედვით, საბანკო სექტორის 38.8%;
  • ფიზიკური პირების სესხების მიხედვით, საბანკო სექტორის 40%;
  • იურიდიული პირების სესხების მიხედვით, საბანკო სექტორის 37.4%;
  • დეპოზიტების მიხედვით, საბანკო სექტორის 41.2%;
  • ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით, საბანკო სექტორის 41.2%;
  • იურიდიული პირების დეპოზიტების მიხედვით, საბანკო სექტორის 41.2%.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში თიბისის სასესხო პორტფელის ზრდამ 21.3% შეადგინა. დეპოზიტების ზრდის ტემპი კი 16.9% იყო.

"თიბისი ბანკის" ჯგუფის ფინანსურ ანგარიშგებაში გაერთიანებულია "თიბისი დაზღვევის" ფინანსური მაჩვენებლებიც. 2018 წლის განმავლობაში "თიბისი დაზღვევის" ბაზრის წილი უძრავი ქონებისა და მიყენებული ზიანის დაზღვევის ბაზრის 20.9%-მდე გაიზარდა, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის პორტფელი კი მთლიანი სექტორის 35%-ს შეადგენს.

2018 წლის განმავლობაში "თიბისი ბანკის" მობაილ ბანკინგის პენეტრაცია 5.5%-ით, 37%-მდე გაიზარდა.

ანგარიშგებაში უზბეკეთის ბაზარზეც არის საუბარი. როგორც ცნობილია, თიბისი საკუთარი თავის უზბეკეთში დამკვიდრებასაც გეგმავს. დოკუმენტში განმარტებულია, რომ უზბეკეთის 32-მილიონიან ბაზარზე "ახალი თაობის" ბანკის ჩამოყალიბებაა დაგეგმილი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული.

TBC უზბეკეთის ბაზარზე შესვლას თავდაპირველად პროდუქტით - Space გეგმავს, რომელიც ციფრულ ბანკს წარმოადგენს. აღნიშნული პროდუქტი "საქართველოში ბანკმა" გასული წლის ზაფხულში წარადგინა.

გასულ წელს, TBC ბანკმა აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოვების შესახებ განაცხადა და ადგილობრივი Nikoil Bank-ის 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. უახლოეს 3 წელიწადში კი თიბისი Nikoil ბანკში საკუთარი წილის გაზრდას გეგმავს - 50%-ს +1%-ის პრინციპით, რათა აქციების უმრავლესობის მფლობელი გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები