ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის წევრმა TBC ბანკის ჯგუფმა ბოლო 24 საათში საბაზრო კაპიტალიზაციის 6.66% ანუ £52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა. ლარებში ეს თანხა 176 მილიონს აღემატება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა £13.34 გირვანქა სტერლინგი, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასს წარმოადგენს
15 თებერვლის ვაჭრობა 13.46-ით დაიწყო, გახსნიდან მალევე აქციების ღირებულება ჯერ 13.10-მდე დაეცა, შემდგომ კი 13.34-მდე გაიზარდა, მთლიანობაში დღევანდელი ვარდნა 0.9%-ის ტოლია.
ამ დროისთვის "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) £730 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. ბანკი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას გეგმავს.
თიბისი ბანკის აქტივების მოცულობა 15.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ბანკს 2018 წლის განმავლობაში 361 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

























