TBC Capital-მა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 10.5%-ით გაიზრდება. ორგანიზაციის შეფასებით, ამ დროისთვის არსებული ვაქცინაციის დაბალი ტემპის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკაში ძლიერი აღდგენა არის მოსალოდნელი.
დოკუმენტის თანახმად, შემდგომი წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასეთია:
● 2021 წელი - 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდა;
● 2022 წელი - 6.5%-იანი ეკონომიკური ზრდა;
● 2023 წელი - 5.5%-იანი ეეკონომიკური ზრდა.
TBC Capital-ის თანახმად, ქვეყანაში ამჟამად გამოწვევად რჩება ინფლაცია. ახალი პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია მომდევნო თვეებშიც მაღალ ნიშნულზე დარჩება და ის 6%-მდე მხოლოდ ნოემბერში შემცირდება, ხოლო საბაზისო ეფექტის გამო, TBC Capital-ი დეკემბერში ინფლაციის კვლავ 7.4%-მდე გაზრდას პროგნოზირებს და ის 2022 წლის იანვარსა და თებერვალშიც მაღალ ნიშნულზე იქნება.
სხვა მიმართულებებით TBC Capital-ის ახალი პროგნოზი ასეთია:
● ტურიზმის აღდგენა - ნავარაუდევია, რომ ტურიზმის შემოსავალი 2019 წლის 40%-ის დონეზე აღდგება;
● ექსპორტი - 2020 წელთან შედარებით 23.5%-ით გაიზრდება;
● ფულადი გზავნილები - 2020 წელთან შედარებით 24.5%-ით გაიზრდება;
● პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 2020 წელთან შედარებით 10%-ით გაიზრდება;
● პროდუქციისა და სერვისების იმპორტი - 2020 წელთან შედარებით 21%-ით გაიზრდება;
● საბანკო სექტორის დაკრედიტება - წლიური ზრდა 16.2% იქნება.
საქსტატის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მაისში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 25.8% იყო, 2021 წლის 5 თვეში კი ზრდამ 11.5% შეადგინა.
შეგახსენებთ, 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის შედეგად საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა.




























