2023 წლის 14 სექტემბრიდან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კორპორაციის, “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელად ბრიტანელი ანტრეპრენიორი და მენეჯერი ოლივერ ჰიუზი დაინიშნა, - ამის შესახებ ქართული კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ. კონკრეტული მიმართულების გარდა, ოლივერ ჰიუზი “თიბისი ჯგუფის” აღმასრულებელი საბჭოს წევრიც გახდა. ცვლილებები არის ნიკა ქურდიანთან მიმართებითაც, რომელიც, ამიერიდან, ჯგუფის ოპერაციებს უზბეკეთში გაუძღვება, მაგრამ ასევე შეინარჩუნებს ადგილს “თიბისი ჯგუფის” აღმასრულებელ საბჭოში.
ოლივერ ჰიუზი 53 წლის ანტრეპრენიორია, რომელიც 2007-დან 2022 წლამდე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნეობანკის, Tinkoff Bank-ის მფლობელი Tinkoff Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო. ამასთან, ოლივერ ჰიუზს განვითარებად ბაზრებზე ფინტექ-კომპანიების ჩამოყალიბებისა და მასშტაბირების 25-წლიანი გამოცდილებაც აქვს.
“მოხარული ვარ, ჩვენი საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელად ოლივერ ჰიუზის დანიშვნით. ღრმად მჯერა, რომ მრავალმხრივი და ფართო გამოცდილება, რომელიც მას ფინტექ-კომპანიების განვითარების კუთხით აქვს, “თიბისისთვის” უაღრესად სასარგებლო იქნება და არამხოლოდ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ჩვენს სამომავლო გზაზე, არამედ ჩვენს კომპანიას ახალ სიმაღლეზე აიყვანს”, - განაცხადა “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ქართულ კომპანიაში საქმიანი კარიერის დაწყებას გამოეხმაურა თავად ოლივერ ჰიუზიც, რომელმაც აღნიშნა, რომ “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელობა მისთვის დიდი პატივია. “თიბისი უზბეკეთში შესანიშნავი ფინანსურ-ტექნოლოგიური ბიზნესის ფლობს და ერთი სული მაქვს, ნიკასთან და გუნდთან ერთად ის სხვა მასშტაბზე ავიყვანო. ეს დიდი შესაძლებლობაა უზბეკეთისთვის, ხოლო ციფრული ბანკინგის ამ სტრატეგიის გამეორება, პოტენციურად, სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც შეიძლება”, - განაცხადა ოლივერ ჰიუზმა.