TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2018 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტს თან ახლავს 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dentons-ის სამართლებრივი შეფასება.
“საერთაშორისო იურიდიულმა კომპანია Dentons-მა დეტალურად შეისწავლა და გაანალიზა, ეწინააღმდეგებოდა თუ არა 2008 წელს “სამგორი მ”-ისა და “სამგორი ტრეიდისთვის” სესხის მიცემა ინტერესთა კონფლიქტისა და ფულის გათეთრების შემთხვევას.
სასესხო ტრანზაქციები, რომლებიც “სამგორი მ”-თან და და “სამგორი ტრეიდთან მოხდა” არ წარმოადგენს დაკავშირებულ მხარესთან გარიგებას, რაც მაშინ მოქმედი რეგულაციებით იყო გათვალისწინებული.
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვასკვნით, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არ წარმოადგენენ ფულის გათეთრებას."
დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია 2018 წლის წინასწარი ფინანსური შედეგები. ანგარიშგების მიხედვით, თიბისი ბანკის ჯგუფმა წლის განმავლობაში 454.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით 90 მილიონით მეტია.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, TBC წყვეტს სამართლებრივ დავას ეროვნულ ბანკთან და მზადაა გადაიხადოს 1 მილიონი ლარი, რომლითაც დაჯარიმდა.
“აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.
იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა. სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში”- წერია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებას თან ახლავს ეროვნული ბანკის განცხადებაც:
ეროვნული ბანკის განცხადება
"საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს."

























