„თიბისი კაპიტალი“ სამომავლოდ საპენსიო რეფორმაში მონაწილეობას ისევ განიხილავს.
საბროკერო კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ელაშვილი bm.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის და გრძელვადიანი ლარის რესურსის შექმნისთვის, რომელიც შესაძლებელია დაბანდებულ იქნას ქართულ კომპანიებში, არის მნიშვნელოვანი.
იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ეტაპზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო საპენსიო დანაზოგების კერძო კომპანიის მართვაში გადაცემას არ განიხილავს, ელაშვილი აცხადებს, რომ მათ საკმარისი დრო აქვთ იმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში რეფორმაში მონაწილეობისთვის მოემზადონ.
„არ განიხილება პირველი რამდენიმე წელიწადი კერძო სექტორის მხრიდან რაიმე დაინტერესების გამოხატვის საკითხი. ჩვენ ვთვლით, რომ საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ამისთვის მოვემზადოთ. ზოგადად TBC-ის ბრენდს გააჩნია ის „ნოუჰაუ“, რომლითაც ჩვენ შევძლებთ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში მომავალში. ამ ეტაპზე „თიბისი კაპიტალი“ ჩართული იქნება როგორც ობლიგაციების პირველადი ემიტენტი ამ ნაწილში და შეეცდება, რომ ბაზრის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მომავალში, რამდენიმე წლის მერე შეიძლება უკვე სხვა ნიუსი დავაანონსოთ“, - აცხადებს ირაკლი ელაშვილი.

























