საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებით შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. სებ-ის ცნობით, ლიკვიდატორმა "ბონაკოს" აქტივები და ვალდებულებები აუქციონის გზით სარეალიზაციოდ საფინანსო სექტორს შესთავაზა. 29 ოქტობერს გამართულ აუქციონზე შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" აქტივები და ვალდებულებები სს "თიბისი ბანკმა" სრულად შეიძინა.
შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, სს "თიბისი ბანკი" უზრუნველყოფს შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" კრედიტორებისა და დებიტორების შეუფერხებელ მომსახურებას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო“-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რაც მენეჯმენტის მიერ ორგანიზაციის კრედიტორების ინტერესების დამაზიანებელ და საფრთხის შემცველ საქმიანობას უკავშირდებოდა. ასევე დაფიქსირდა ეროვნულ ბანკში არასწორი და დამახინჯებული ინფორმაციის წარდგენისა და კავშირის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები.