თიბისი ბანკის ჯგუფმა (TBC PLC) ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ახალი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაყენების შესახებ არის საუბარი.
TBC PLC აღნიშნავს, რომ დროებით, თავმჯდომარის მოვალეობებს ნიკოლოზ ენუქიძე შეასრულებს. ნიკოლოზ ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 2013 წელს დაინიშნა, იქამდე ის აღმასრულებელ თანამდებობებზე Galt & Taggart-სა და ABN AMRO-ში მუშაობდა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ურყევად სჯერა და სრული ნდობა აქვს მათ მიმართ. სამეთვალყურეო საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავენ დაუბრუნდნენ მათ თანამდებობს მას შემდეგ რაც სავარაუდო ფულის გათეთრების საქმეზე არსებული ყველა ბრალდება იქნება პასუხგაცემული.
მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის ჯგუფის დატოვების შესახებ განცხადება გვიან ღამით გაავრცელა. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გარე შეტევისგან ბანკის დაცვის მიზნით მიიღო.
"ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი, რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას.
სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!,"- წერს ხაზარაძე.
გუშინ მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების საქმეზე ოფიციალური ბრალი წარუდგინა. მათი ადვოკატი ზვიად კორძაძე ბრალდებას სრულიად უსაფუძვლოს და "პროკურატურის სირცხვილს" უწოდებს.

























