დღეს, თიბისი ბანკის ჯგუფმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2019 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში TBC PLC-ის წმინდა მოგებამ 125 მილიონი ლარი შეადგინა. ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5 მილიონი ლარით მეტია.
2019 წლის პირველ კვარტალში კი, მოგება 133 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, 2019 წლის პირველ ნახევარში ჯგუფის საერთო მოგება 258 მილიონი ლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება 217 მილიონ ლარს აღემატებოდა.
ჯგუფის აქტივები 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 17.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია.
თიბისის მიერ გაცემული სესხების საერთო მოცულობა წლიურად 25%-ით გაიზარდა და ამჟამად 11.1 მილიარდ ლარს შეადგენს. დეპოზიტების ზრდა კი, 24.5% იყო და 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 9.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.
მთლიანობაში თიბისიზე საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების - 39%, სესხების - 38.5%, ხოლო დეპოზიტების 41% მოდის.
ყველა ამ მაჩვენებლით, ბანკი საქართველოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს.
ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) 685.04 მილიონი გირვანქა სტერლინგია ($845 მილიონი დოლარი). გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ბანკის აქციებმა მისი თანადამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენის შედეგად, რეკორდული ვარდნა განიცადა.

























