ივლისში, ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, ვიზიტორთა ნაკადი 5.8%-ით გაიზარდა და 1,099,474 შეადგინა. ამ ვიზიტორებიდან ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს 570,482 ადამიანი დარჩა (შესაბამისად ისინი ტურისტებად ჩაითვალნენ). ტურისტების ეს რაოდენობა 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1%-ით აღემატება.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის მიმართულებას, 8 ივლისს ამოქმედებული ავიასანქციების შედეგად, ივლისში რუსი ვიზიტორების რაოდენობამ 6.4%-ით იკლო. თვის განმავლობაში რუსეთიდან სულ 159,063 საზღვრის კვეთა აღირიცხა. აქედან, 50,849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო.
TBC Research-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი ნეგატიური მოლოდინებისა, ტურიზმის ზრდაში დადებითი გავლენა იქონია ევროკავშირიდან, ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადმა.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ივლისში რუსეთზე მეტად საქართველოში ირანელი ვიზიტორების რაოდენობა იყო შემცირებული.
TBC Research-ი პროგნოზირებს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ტურიზმის სექტორში ზრდა 5% იქნება. ორგანიზაციის ეს შეფასება ეფუძნება დაშვებას, რომ ამ პერიოდში რუსი ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდება, ხოლო ამ დანაკლისს კი სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორთა ნაკადის ზრდა დააბალანსებს, კონკრეტულად ევროკავშირის ქვეყნებიდან ნაკადის 30%-იანი, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან 5%-იანი, ისრაელიდან 20%-იანი, ხოლო დსთ-ს დანარჩენი ქვეყნებიდან კი ნაკადი 15-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.
ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი - 175,499 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13.1%;
- რუსეთი - 159,063 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 6.4%;
- თურქეთი - 156,136 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.6%;
- სომხეთი - 141,663 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.2%;
- საქართველო (არარეზიდენტი) - 40,340 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5.2%;
- უკრაინა - 25,221 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 18.2%;
- საუდის არაბეთი - 22,775 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 42.1%;
- ისრაელი - 22,687 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15.5%;
- ირანი - 13,437 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 60%;
- ყაზახეთი - 13,129 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 28.5%.

























