უზბეკეთის ბაზარზე შესვლიდან 5 წლის თავზე TBC უზბეკეთის მომხმარებელთა რაოდენობამ 22 მილიონს მიაღწია - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი ნიკა ქურდიანი აცხადებს.
ქურდიანის თქმით, უშუალოდ ციფრული ბანკის სასესხო პორტფელი უკვე მილიარდ დოლარამდეა ასული და მისი დიდი წილი სამომხმარებლო დაკრედიტებაზე მოდის. მიღმა ციფრული ბანკისა, თიბისი უზბეკეთის ბაზარზე სხვადასხვა საგადახდო პროდუქტებითაა წარმოდგენილი.
“თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიის სხვადასხვა პლატფორმით ყოველთვიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
„ხუთი წელია გასული ზუსტად, რაც „თიბისი ბანკი“ უზბეკეთში გაეშვა. მანამდე თიბისი ჯგუფმა 2019 წელს კომპანია Payme-ში შეისყიდა საკონტროლო წილი, რომელსაც მაშინ დაახლოებით 800,000 მომხმარებელ ჰყავდა. დღეს ჯამში, ყველა ჩვენი ბიზნესი უზბეკეთში 22 მილიონ დარეგისტრირებულ მომხმარებელს ითვლის, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტია. უზბეკეთის მოსახლეობა 38 მილიონია. ძალიან დიდი გზა გავიარეთ. დღეს უზბეკეთში თიბისი ჯგუფს აქვს თავისი ციფრული სადაზღვევო კომპანია, ციფრული ბანკი, ციფრული გადახდების აპლიკაცია Payme, ციფრული განვადების კომპანია, ციფრული მიკროსაფინანსო კომპანია და კიდე ბევრი სხვა რამ, რაც ამასობაში შემოგვიერთდა.
მაგალითად, წელს განვახორციელეთ ორი დიდი ტრანზაქცია, ერთი, რომელიც უკვე დასრულდა. ეს არის კომპანია Billz, რომელიც ეხმარება მაღაზიებს თავისი გაყიდვების პროცესების ავტომატიზაციაში და მეორე არის ყველაზე დიდი განცხადებების პლატფორმა უზბეკეთში, მისი ანალოგი საქართველოში შეიძლება ვთქვათ, რომ არის MyAuto, MyHome, MyMarket და ასე შემდეგ. პლატფორმას OLX ჰქვია, რომლის დასრულების პროცესში ვართ და ამ პლატფორმას 5 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს ყოველ თვე. ასე რომ, ძალიან, ძალიან დიდ მასშტაბზე ვართ გასული ამ სულ რაღაც ხუთი წლის განმავლობაში, რაც ძალიან გვახარებს“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.




























