კომპანია ,,თბილღვინომ“ წელს კახეთში, სოფელ შაშიანში, 37 ჰექატრზე ახალი ვენახები გააშენა, მათ შორის ისეთი ჯიშები, როგორიცაა ქისი, საფერავი და კახური მწვანე. ამჟამად მიმდინარეობს ვენახების საირიგაციო სისტემებით აღჭურვა. ჯამში კომპანიამ ამ მიმართულებით 800 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, ლაშა ლომაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, საკუთარ ვენახში მოწეული მოსავალი კომპანიას მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას აძლევს და იცავს იმ ფინანსური რისკებიდან, რაც ყურძნის ფასის ცვალებადობას ახლავს.
,, მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგს ვატარებთ იმ ფერმერების ვენახებში, რომელთაგანაც უკვე 20 წელია ყურძენს ვყიდულობთ, მიღებული ყურძნის ხარიხს ისე ვერ ვაკონტროლებთ, როგორც ამას საკუთარ ვენახებში შევძლებთ. კერძოდ, თუ რა წამლებით ხდება ვაზის შეწამვლა, რა რაოდენობით, როგორ ხდება მისი მოვლა და სხვა. ანუ, როდესაც კომპანია საკუთარ სანედლეულო ბაზას ფლობს, მას აქვს შესაზლებლობა ყურძნის ხარისხი უკეთესად გააკონტროლოს, ეს არის ერთი უპირატესობა და მეორე, ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული საბაზრო ფასის ცვლილებებზე, რაც მტკივნეულად აისახება კომპანიის კომერციულ საქმიანობაზე. მაგალითად, შარშან რთველზე საფერავის ფასი თითქმის 100%-ით იყო გაზრდილი, 2016 წელთან შედარებით, ჩვენ იგივე პროპორციით ვერ ვაძვირებთ ღვინოს, რადგან ეს მიუღებელია საექსპორტო ბაზრებისთვის და შესაბამისად საბოლოო ჯამში კომპანია ზარალდება, რადგან ეს უარყოფითად აისახება მის მოგებაზე.
ჩვენი საბოლოო მიზანია 100%-ით თუ არა, ძირითადად მაინც, ყურძნის მოსავალი, როგორიცაა რქაწითელი, საფერავი და ის ჯიშები რაც კახეთში მოდის, საკუთარ ვენახებში მოვიყვანოთ, შარშან ჩვენს მიერ გადამუშავებული საფერავის 15-20% ჩვენს ვენახებში მოვიწიეთ, რომელმაც პირველი მოსავალი მოგვცა და ეს რაოდენობა ყოველწლიურად მოიმატებს, წელს ველით, რომ ეს მაჩვენებელი 40% იქნება“ - განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.
კომპანია ,,თბილღვინო“ ჯამში 202 ჰექტარ ვენახს ფლობს, რომელიც კახეთის საუკეთესო ტერუარებში, მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებშია გაშენებული.