რუსეთში ღვინის იმპორტზე ახალი რეგულაციების შემოღება ქართული ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევებს შეამცირებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს "თბილღვინოს" პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ლაშა ლომაშვილმა განუცხადა. თუმცა, ამავდროულად პროდუქციას გააძვირებს.
"თუ ოფიციალურ მიზეზს დავუჯერებთ, ეს ნაბიჯი ქართული ღვინის იმიჯისთვის კარგია, ვინაიდან ფალსიფიკაციის ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდება.
რუსეთში მარკირების წესი იცვლება. ყველა იმპორტირებულ ღვინის ბოთლს უნიკალური შტრიხ კოდი უნდა ჰქონდეს. ნომრის მინიჭება ღვინის ჩამოსხმის დროს მოხდება. ამ ცვლილებების ოფიციალური მიზეზი ფალსიფიცირების შემცირება და კონკრეტული შემთხვევების მარტივად გამოაშკარავებაა.
რასაკვირველია, ქართული კომპანიებისთვის ეს დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მარკირების ამ სისტემაზე გადასვლას სჭირდება ერთჯერადი ინვესტიცია, რაც მცირე მწარმოებლებისთვის საკმაოდ მაღალია. სხვა შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბოთლების მექანიკურად გაფორმება, რაც საწარმოო პროცესს შეანელებს და გააძვირებს თვითღირებულებას” - განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.
2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, "თბილღვინოს" ექსპორტის წილში რუსეთს 11 % უკავია.
"თბილღვინო" წარმოებული პროდუქციის 90%-ზე მეტს ექსპორტზე ყიდის. კომპანიამ, გასულ წელს, საზღვარგარეთ 3 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გაიტანა. ექსპორტი ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ბელარუსში, ჩინეთში, პოლონეთში და კიდევ 20 ქვეყანაში განხორციელდა.