2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
2009 წლის შემდეგ ნომერ 1 ექსპორტიორი კომპანია „თბილღვინოა“, რომელიც პროდუქციის რეალიზებას 30-მდე ქვეყანაში ახდენს. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ორ ძირითად საექსპორტო ბაზარზე, ყაზახეთსა და ლიტვაში ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებაა.
ყაზახეთში ექსპორტის შემცირების მიზეზად ქვეყანაში მსყიდველუნარიანობის შემცირება სახელდება, ხოლო ლიტვაში ალკოჰოლზე გაზრდილი აქციზი და მის რეკლამირებაზე დაწესებული შეზღუდვები.
„ყველაზე ხელშესახები ზრდა ტრადიციული ბაზრებიდან რუსეთში, უკრაინასა და ჩინეთშია, ევროპის ბაზრებიდან დიდ ბრიტანეთში, სკანდინავიის ქვეყნებსა და გერმანიაში.
ყაზახეთში მნიშვნელოვანი ვარდნაა, ქვეყანაში არის კრიზისი და მსყიდველუნარიანობა ეცემა. ასევე ყაზახეთიდან გარვეული რაოდენობის ღვინო გადადიოდა თავისუფალ სავაჭრო ზონაში ჩინეთში. ამჟამად ჩინეთში კარგად აეწყო მიწოდება და ეს გზა საჭირო აღარაა. ასევე ყაზახეთში გაიზარდა კონკურენცია.
მნიშვნელოვანი ვარდნაა ლიტვაში, რადგან იქ აქციზი გაიზარდა და გამკაცრდა ალკოჰოლის რეკლამირების შესაძლებლობა, ფაქტიურად სრულად აიკრძალა რეკლამა.
ორივე ბაზარს საკმაოდ დიდი წილი ეკავა. ყაზახეთი ძირითადი ბაზარი იყო, ამან კი შეანელა ჩვენი ზრდა. მთლიანობაში რა ზრდაც იყო მოსალოდნელი არ გვექნება“, - ამბობს მარგველაშვილი.
ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებში ხაზახეთს მეხუთე ადგილი უკავია.

























