მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი და რეგიონები - პოლონური კოსმეტიკის ბრენდი Hean საქართველოში გაფართოებას გეგმავს

HEAN

პოლონური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი Hean საქართველოში გაფართოებას აგრძელებს. ბრენდის ქართული წარმომადგენლობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გეგმა კიდევ ორი ახალი სტენდის გახსნას მოიცავს, მომდევნო ეტაპზე კი გაფართოება რეგიონებშიც განიხილება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ Hean Georgia-ს დამფუძნებელმა მარიამ ხუციშვილმა ისაუბრა.

„მომავალი ორი სტენდის გახსნა არის წლევანდელი გეგმა, შემდეგ უკვე გაფართოება… თბილისში იქნება ესეც“, - განაცხადა ხუციშვილმა.

40-წლიან ისტორიაზე დაფუძნებული პოლონური ბრენდი ქართულ ბაზარზე ოფიციალურად ცოტა ხნის წინ შემოვიდა და პირველი კონცეპტუალური სტენდი დიღმის Goodwill-ში გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს სხვა ლოკაციებთანაც, რათა ბრენდის ფიზიკური ქსელი გაიზარდოს.

ბრენდის პორტფოლიოში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი შედის - თვალის, ტუჩისა და სახის დეკორატიული კოსმეტიკიდან BB და CC კრემების ჩათვლით. კომპანიის ცნობით, პროდუქციის 65%-ზე მეტი ვეგანური ფორმულით იწარმოება და ცხოველებზე არ იტესტება. ბრენდი წარმოდგენილია პოლონეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთშიც.

Hean Georgia-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოში ფიზიკურ გაფართოებასთან ერთად ონლაინ მიმართულებასაც ავითარებს - უკვე ხელმისაწვდომია მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს პერიოდში კი ბრენდის ვებგვერდის ამოქმედებაც იგეგმება. ხუციშვილის განმარტებით, კომპანია კონკურენტულ უპირატესობად არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ გაყიდვის კონცეფციასაც ასახელებს. მისი თქმით, პირველი სტენდი კლასიკური სავაჭრო ფორმატისგან განსხვავებული მიდგომით შეიქმნა.

„ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ გამოცდილებაა, რასაც მომხმარებელი იღებს. სტენდი კონცეპტუალურია - მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს, დატესტოს პროდუქცია, გაიკეთოს მაკიაჟი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

ბრენდი არ არის პრემიუმ სეგმენტი, უფრო მეტად არის საშუალო ბიუჯეტზე მორგებულია. ევროპული ხარისხი და მისაღები ფასი, ვფიქრობ, სწორედ ის კომბინაციაა, რაც ქართულ ბაზარზე მოთხოვნადია“, - აღნიშნა მან.

კომპანიაში ამბობენ, რომ ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც შედარებით დეფიციტურია, მათ შორის სხვადასხვა ფერის ტუშები და სპეციალური ტექსტურების დეკორატიული პროდუქტები. ხუციშვილი ამბობს, რომ კომპანია პარალელურად ახალ ხაზებზეც მუშაობს და უახლოეს პერიოდში ახალი პროდუქტების დამატებასაც გეგმავს.

მისივე თქმით, ბრენდის განვითარება საქართველოში გრძელვადიან სტრატეგიას ეფუძნება და მიზანი მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება : „ვფიქრობ, ხუთ წელიწადში რეგიონებშიც აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი და Hean საქართველოს ბაზარზე უფრო მასობრივად ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები