„თბილისის მშრალი პორტი“ ტვირთების შეუფერხებელი მიღებისთვის საკუთარი სარკინიგზო პლატფორმები შეძენას გეგმავს - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ "თბილისის მშრალი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმიანობის პირველი წლის შედეგები დადებითია, თუმცა გარკვეული გამოწვევები რჩება, რომელთა მოგვარებაზე „საქართველოს რკინიგზასთან“ აქტიურად მუშაობენ.
„პირველი წლისთვის კარგი შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ „საქართველოს რკინიგზასთან“ და მადლობა მინდა ვუთხრა ახალი ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ ჩვენი წარმატება მთლინად არის დამოკიდებული მათ გამართულ მუშაობაზე. ჩვენ გვაქვს ერთობლივი გეგმები იმ საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ რჩება „ვიწრო რგოლად“. ვფიქრობთ ჩვენი პლატფორმების შეძენაზე, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული და გარანტირებული, რათა შეფერხების გარეშე მოხდეს ფოთიდან, ბათუმიდან თბილისის მშრალ პორტში კონტეინერების მოწოდება ბლოკ-მატარებლებით“, - ამბობს ინაიშვილი.
ბიზნესმენი ამბობს, რომ პროექტი უკვე გადავიდა მეორე ფაზის განვითარებაზე, რაც ადგილზე საწყობების მშენებლობას ითვალისწინებს. ადრე გაჟღერებული გეგმით პროექტის მეორე ფაზაში 50-55 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. დასრულების შემდეგ, პორტის მოცულობა ყოველწლიურად 200,000 TEU-ს მიაღწევს.


























