მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისი მოლში“ „საპოვნელას“ ფილიალი იხსნება

63569c3f2bfe8
მარიამ დემეტრაშვილი
25.10.22 10:00
636
ნატურალური კოსმეტიკური ბრენდი „საპოვნელა“ წარმოების გაზრდას გეგმავს. ამასთან, როგორც მისი დამფუძნებელი, რუსუდან კბილაშვილი ამბობს, სამ კვირაში „საპოვნელას“ პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს მცხეთის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გარდა, „თბილისი მოლშიც“ შეეძლებათ.

„ამ ეტაპზე ათამდე ადამიანი ვართ და ოთხი-ხუთი ადამიანის დამატებას ვგეგმავთ, რადგან ქსელის გაფართოება დავისახეთ მიზნად. გვინდა, რომ მცხეთის ქ.#1-ში მდებარე ჩვენი ბუტიკი კიდევ უფრო გავალამაზოთ. რამდენიმე კვირაში ხელახლა გავხსნით. ასევე, სამ კვირაში „თბილისი მოლში“ გავხსნით ფილიალს. იმედს ვიტოვებ, რომ წარმატებული იქნება ჩვენი გამოჩენა „თბილისი მოლში“, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში“, - განაცხადა რუსუდან კბილაშვილმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“.

მისივე თქმით, „საპოვნელას“ სხვა კოსმეტიკური საშუალებებისგან ის განასხვავებს, რომ მათი პროდუქცია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება.

„არ ვიყენებთ ქიმიურ დანამატებს, როგორიცაა ხელოვნური არომატიზატორები, კონსერვანტები, ხელოვნური შეფერილობა. ჩვენ მხოლოდ მცენარეებს, თიხებს, ნახშირს და სხვა სასარგებლო თვისებების მქონე პროდუქტებს ვიყენებთ. ჩვენი უპირატესობა ასევე ის არის, რომ ჩვენი პროდუქტი არის ხელნაკეთი“, - აღნიშნა მან.

რუსუდან კბილაშვილის თქმით, ამ ეტაპზე „საპოვნელა“ 100-მდე პროდუქტს აწარმოებს.

„ვცდილობთ, სპა მიმართულების პროდუქტები დავამატოთ ჩვენს ასორტიმენტს. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ Sairme Wellness Resort-თან და ვცდილობთ, გავააქტიუროთ სხვა სპა დაწესებულებებთან თანამშრომლობაც. საცალო მომხმარებლისთვისაც სასიამოვნო სიახლე იქნება ის სპა პროდუქტები, რომელსაც მალე შევთავაზებთ“, - თქვა კბილაშვილმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები