თბილისის მერიის მხარდაჭერით, 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი გაიმართება, რომლის ჰედლაინერები Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms და „მწვანე ოთახი“ არიან. ღონისძიებაში საერთო ჯამში, 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
საიუბილეო ფესტივალის პროგრამა ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დღეს, მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრ „ფაბრიკაში“ გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს.
Tbilisi Open Air-ზე ოთხი სცენა იმუშავებს. ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს, Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand, ასევე, ქართველი არტისტები - MokuMoku, LOUDspeaker წარსდგებიან. 22 ივნისს, ღონისძიების მონაწილეები მთავარ სცენაზე UNKLE-ის, Rhye-ს, „მწვანე ოთახის“ მოსმენას შეძლებენ. 23 ივნისს კი, Mogwai, The Subways, Michelle Gurevich და Salio იმღერებენ.
EYESTAGE ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც Tbilisi Open Air-ზე მეორე წელია ფუნქციონირებს. 21 ივნისს ფესტივალის მონაწილეები EYESTAGE-ზე Tobias-სა და Edit Select-ს მოისმენენ, 22 ივნისის ჰედლაინერი David August იქნება, 23 ივნისს კი მსმენელის წინაშე Andrey Pushkarev და Matthew Dekay წარსდგება.
Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. 21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისის - Pixel, ხოლო 23 ივნისის - Freedom Fighters.
Singer Stage Tbilisi Open Air-ს მეორე წელია შეუერთდა. დღის განმავლობაში, Signer-ის სცენა აკუსტიკურ პროექტებს, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს ეთმობა. Singer Stage-ზე 21 ივნისს, მსმენელის წინაშე დღისით, პროექტ Newcomers-ის ორი რჩეული პროექტი წარსდგება. 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს, 23 ივნისს კი - რეზო კიკნაძის სიქსტეტის.

























